სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჩუღურეთში მდებარე 2 უფასო სასადილო მოინახულა და საერთო ვითარებას გაეცნო.
ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი აპარატი ავრცელებს.
მათი ცნობით, სასადილოებში ვიზიტის დროსაც გამოჩნდა არსებული სისტემური გამოწვევები, მათ შორის ინფრასტრუქტურისა და მენიუს კალორაჟის კუთხით, ასევე დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ბენეფიციართა ნაწილს სასადილოდან მხოლოდ პური მიჰქონდა.
„სათანადო კვებაზე ხელმისაწვდომობის უფლების დაცვაზე ზედამხედველობა, სახალხო დამცველის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სახალხო დამცველი პერიოდულად, უშუალოდ ეცნობა უფასო სასადილოებში არსებულ სიტუაციას (https://tinyurl.com/y4z475e2) და წლებია საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში (https://tinyurl.com/fkp7jhwj) საუბრობს უფასო სასადილოებში არსებულ სერიოზულ სისტემურ პრობლემებსა და გამოწვევებზე, მათ შორის, უფასო სასადილოს სერვისის მართვის და სერვისის სათანადო ხარისხით მიწოდების ერთიანი სტანდარტის არარსებობაზე, რაციონისა და გამოყოფილი თანხის სიმწირეზე, ასევე, ზოგიერთ სასადილოში, განსაკუთრებით თბილისში საკვების წაღებაზე უარის და მხოლოდ პურის აღების ტენდენციაზე, რაც საკვების ხარისხით უკმაყოფილებას უკავშირდებოდა. აღნიშნული მდგომარეობა, არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, უცვლელია და მათზე ყურადღება გამახვილებულია სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშშიც (https://tinyurl.com/az6akmj3) „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, რომელიც მიმდინარე წლის 31 მარტს წარედგინა პარლამენტს.
სასადილოებში არსებული გამოწვევების სიმწვავე დადასტურდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციითაც, (https://tinyurl.com/5h75cm7p) რომლის თანახმადაც, გამოძიებით დადგინდა, რომ შესაბამისი კომპანიები 2024-2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ, არაჯეროვნად ასრულებდნენ ნაკისრ ვალდებულებებს და თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს.
აღნიშნული ცხადყოფს უფასო სასადილოებთან დაკავშირებით დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას. მნიშვნელოვანია, უფასო სასადილოებით მომსახურების მინიმალური სტანდარტების დროული დამტკიცება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ამ მომსახურების მართვა, მენიუს კალორაჟი, კვების ხარისხი, უსაფრთხოება, სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ამასთან, კიდევ ერთხელ დადასტურდა ბენეფიციართათვის ხარისხიანი კვების უზრუნველსაყოფად სათანადო კონტროლის და შესაბამისი ეფექტიანი რეაგირების განხორციელების მნიშვნელობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.