ლიეტუვას იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნოემბერში ვილნიუსში ჩამოვარდნილი სატვირთო თვითმფრინავის „შავი ყუთების“ წინასწარმა შესწავლამ უკანონო ჩარევის ნიშნები ვერ გამოავლინა.
„გამოძიება, რომელსაც ლიეტუვას იუსტიციის სამინისტროს სატრანსპორტო ავარიებისა და ინციდენტების გამოძიების დეპარტამენტი ხელმძღვანელობს, ადასტურებს, რომ ფრენის მონაცემების რეგისტრატორისა და „ბოინგ“ 737-476-ის კაბინის ხმის ჩამწერის წინასწარ ანალიზს, ისევე როგორც ავარიის ადგილზე შეგროვებულ მტკიცებულებებს, უკანონო ჩარევის ნიშნები არ გამოუვლენია“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ორივე „შავი ყუთის“ მონაცემები გერმანიის საავიაციო ავარიების გამოძიების ფედერალური ბიუროს ლაბორატორიამაც დაასკანირა.
„ბოინგის“ თვითმფრინავი ვილნიუსის აეროპორტთან 25 ნოემბერს, გამთენიისას ჩამოვარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. თვითმფრინავი ესპანურ ავიაკომპანია „სვიფთეირს“ ეკუთვნოდა და მას „დი ეიჩ ელ“- ის ამანათების მიწოდებისთვის იყენებდა. ის ვილნიუსში ლაიფციგიდან (გერმანია) მიფრინავდა.