მამუკა მდინარაძე მზია ამაღლობელზე -  კარგად თუ უნდათ რომ იყოს, შიმშილისა და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას მიხედოს

მამუკა მდინარაძე მზია ამაღლობელზე - კარგად თუ უნდათ რომ იყოს, შიმშილისა და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას მიხედოს

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

კარგად თუ უნდათ რომ იყოს, შიმშილისა და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას მიხედოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს „ბათუმელების“ დამფუძნებელ, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი არის სახელმწიფოსთვის დიდი ზიანის მომტანი.

„ჩვენ ისე წარმოგვიჩენენ, თითქოს, დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს. გასაგებია, შიმშილობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგი... ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი.

სახელმწიფოს დაშანტაჟების შემთხვევაში, არცერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არის მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროში მიღებული წესი, რომ შანტაჟს სახელმწიფო არ და ვერ დაექვემდებარება. კარგად თუ უნდათ რომ იყოს, შიმშილისა და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას მიხედოს.

შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი არის სახელმწიფოსთვის დიდი ზიანის მომტანი. გმირად წარმოაჩენენ ადამიანს, რომლის სიკვდილი უნდათ. გადაჭარბების გარეშე, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა რბილად თქვა და მერე დეპუტატებმა, ჩვენმა კოლეგებმა დააკონკრეტეს, რომ მზია ამაღლობელი არის მათ ხელში საგანი, ინსტრუმენტი. მათ თქვეს, ჩვენ კი არ ვამბობთ. დღევანდელობის პარადოქსია ის, რომ ათი „ნაციდან“ 9 მის სიკვდილზე ფიქრობს და ოცნებობს. სუბიექტურად, ძალიან ბოროტებიც რომ ვიყოთ, არცერთ ჩვენგანს არ უნდა რაიმე ფატალური განვითარება ამ კონკრეტული „ქეისის“, მაგრამ გმირად ნუ გამოვიყვანთ ქალბატონს, რომელიც კონკრეტული დავალებით მოქმედებდა. ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ. ჯერ "სტიკერი" დააკრა პოლიციელს - ამ დავალების შინაარსი და შედეგი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება რეპუტაცია შეელახოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პოლიციას. პოლიციის უფროსთან მივიდა 1 თუ 2 საათის გამოშვებული მზია ამაღლობელი და ჯერ ქურთუკით დააკავა, რომ კარგად შემოერტყა და შემდეგ შემოარტყა. პოლიციელს გაარტყა სილა, დემონსტრაციულად, კამერების თანდასწრებით. ეს გააკეთა ერთადერთი მიზნით, რომ შეილახოს პოლიციისა და პოლიციელის რეპუტაცია. სპეციალურად ამიტომ დაარტყა პოლიციის უფროსს ხელი და ამოარჩია ეს ადამიანი. ეს არის ტრენინგებზე ნასწავლი ამბავი. ამას ტრენინგებზე ასწავლიან, რომ მაღალჩინოსანს, მის ხელქვეითებთან, მის დაქვემდებარებულ ადამიანებთან, გმირ პოლიციელებთან შეელახოს რეპუტაცია და ასე ჩამოშალონ სახელმწიფო. უშალოდ ამ სიბინძურის ამსრულებელი, იმ კონკრეტულ შემთხვევაში გახლდათ მზია ამაღლობელი. ახლა შიმშილობა რომ უნდა დააძალონ „ნაცებმა“, იქნებ მოკვდეს რამენაირადო და გამოვიყენოთ ეს ამბავიო, ეს მათი გეგმის ნაწილია. უნდა განვასხვაოთ გმირი და გარე დავალების შემსრულებელი ერთმანეთისგან. თუ მზია ამაღლობელი ამას დავალებით არ ასრულებდა და ვიღაცამ წააქეზა, აზრზე არ იყო რას კადრულობდა, მაშინ წარმოდგენა არ ჰქონია არც ჟურნალისტიკაზე, არც ქვეყანაზე. ორი ვარიანტია: ან განზრახ მოქმედებდა, უშუალო დავალებით, ან უბრალოდ ისე წააქეზეს ვიღაცებმა და შეაგდეს ამ როლის შესასრულებლად, ვერც აცნობიერებდა რას აკეთებდა. ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია?! ერთიც და მეორეც მავნებლობაა.

რაც შეეხება ადამიანის ჯანმრთელობას, კიდევ უფრო მავნებლები და მეტი დამნაშავეები შეიძლება იყვნენ, იხდიდნენ სასჯელს, ნებისმიერმა მათგანმა შიმშილობა რომ დაიწყოს, სახელმწიფო ამას სამწუხაროდ ვერ დაექვემდებარება. სახელმწიფოს ჩამოშლისთვის აუცილებელ პირობებს დაგიდებენ ხელისგულზე, პოლიციის უფროსებს სილას გააწნავენ, მერე იშიმშილებენ და თურმე უნდა გამოუშვან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოსტი ნახა: 88


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!