მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტი ნინო დათაშვილი კვლავ პატიმრობაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა კალიჩენკომ მიიღო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ასევე გადაისინჯა დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.
პროკურორი დათაშვილის მიმართ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დარჩენას შუამდგომლობდა, ვინაიდან მედია ცირამუა მიიჩნევდა, რომ ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე კვლავ არსებობდა.
შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატები დათაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდნენ. კერძოდ, უფლებადამცველები ამბობდნენ, რომ დათაშვილის მხრიდან არც მოწმეებზე ზემოქმედების, არც ახალი დანაშაულის ჩადენის და არც მიმალვის საფრთხე არ არსებობდა. ადვოკატების თქმით, ბრალის წარდგენიდან თითქმის 10 დღის შემდეგ დააკავეს დათაშვილი, მას კი მიმალვა არ უცდია.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა.
ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.
აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.