მარიამ ქვრივიშვილი - 2025 წლის ბოლოსთვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წლიური მგზავრთნაკადი რეკორდულ 1,2 მილიონს გადააჭარბებს

მარიამ ქვრივიშვილი - 2025 წლის ბოლოსთვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წლიური მგზავრთნაკადი რეკორდულ 1,2 მილიონს გადააჭარბებს

2 საათის წინ
კატეგორიები: ეკონომიკა
პოსტი ნახა: 106

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ბათუმის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერა და აეროპორტის გაფართოების ახალ პროექტსაც გაეცნო.

ბათუმის აეროპორტში დასრულდა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავდა კრიტიკულ ზონებში, 1 კმ-ის მონაკვეთზე ხელოვნური საფარის კაპიტალურ განახლებას, ასევე გაორმაგდა საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა, რაც აეროდრომს ერთდროულად 9 საშუალო ზომის თვითმფრინავისა და ერთი ვერტმფრენის მიღების შესაძლებლობას აძლევს. მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია მგზავრთა დახვედრისა და მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონების გაფართოება, ასევე ტერმინალის შესასვლელის დამატებითი ფართის მოწყობა.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანიას TAV Georgia-ს ბათუმში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილ და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში 25 მლნ. ლარის ოდენობის ინვესტიცია აქვს გათვალისწინებული.

„ბათუმი და მთლიანად აჭარა საქართველოს მზარდი საკურორტო მიმართულებაა. 2025 წლის ბოლოსთვის, პირველად ისტორიაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წლიური მგზავრთნაკადი რეკორდულ მაჩვენებელს – 1,2 მლნ-ს გადააჭარბებს. 2025 წლის რვა თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 840,893 მგზავრს მოემსახურა, რაც 32%-ით აღემატება, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ასევე გაიზარდა ფრენების სიხშირე 45 პროცენტით. ამჟამად, ბათუმის აეროპორტში ფრენებს ახორციელებს 22 ავიაკომპანია 24 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 160 სიხშირით. ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით აღნიშნული აეროპორტის ინფრასტრუქტურა საჭიროებს გამტარუნარიანობის გაზრდასა და გაფართოებას. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებს შორის მგზავრთნაკადის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს აქვს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს TAV Georgia – სთან, რათა ბათუმის აეროპორტმა განაგრძოს მდგრადად და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად განვითარება.

აღსანიშნავია, რომ კომპანია TAV Georgia-მ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამართულად ფუნქციონირებისთვის ასევე დამატებითი ტექნიკა შეიძინა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე