თურქეთში მიწისძვრით გამოწვეული პანიკის გამო სიმაღლიდან გადმოხტომის შედეგად, სულ მცირე, 151 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ სტამბოლის გუბერნატორის ოფისზე დაყრდნობით იტყობინება.
სტამბოლის გუბერნატორის ოფისის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად მსხვერპლი არ დაფიქსირებულა და საცხოვრებელი შენობები არ ჩამონგრეულა. მათივე ცნობით, ერთ-ერთ რაიონში მიტოვებული შენობა ჩამოინგრა, თუმცა ამის შედეგად დაღუპული ან დაშავებული არავინაა.
თურქეთში მიწისძვრას გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
„ცოტა ხნის წინ 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა სტამბოლსა და მარმარილოს ზღვის რეგიონში. ვუგზავნით საუკეთესო სურვილებს მიწისძვრით დაზარალებულ ყველა ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებით სტამბოლში მცხოვრებ ძმებს. მივიღე უახლესი ინფორმაცია სტამბოლის გუბერნატორისგან. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს“, – განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, დღეს თურქეთში ერთი საათის განმავლობაში სხვადასხვა სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომელთა შორის ყველაზე ძლიერი 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.