მიხეილ კაკაურიძე, რომელმაც "ოცნებას" საკრებულოში კვორუმი შეუქმნა, “ძლიერმა საქართველომ” პარტიიდან გარიცხა - განცხადება გვიან ღამით ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა თბილისისთვის" თავმჯდომარემ, საბა ბუაძემ გაავრცელა:
"დღეს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე “ქართული ოცნების” შემადგენლობა კვორუმის არქონის გამო ვერ ხსნიდა სხდომას, სადაც უნდა მომხდარიყო საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევა და ვიცე-მერის ახალი კანდიდატურის დამტკიცება.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, “ძლიერი საქართველო” და თბილისის საკრებულოში ოპოზიციის სრული შემადგენლობა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიტაცების შემდეგ იმყოფება პოლიტიკურ ბოიკოტში და არ მონაწილეობს საკრებულოს სხდომებში. ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა “ძლიერი საქართველოს” პოლიტსაბჭოს მიერ, 2024 წლის ნოემბერში.
სამწუხაროდ, საერთო ოპოზიციური ბოიკოტის და მკაფიო მოწოდების მიუხედავად, “ძლიერი საქართველოს” გლდანის შტაბის წარმომადგენელმა და საკრებულოს წევრმა, მიხეილ კაკაურიძემ, რომელიც 2024 წელს შემოგვიერთდა, დაარღვია აღნიშნული ბოიკოტი და დაეხმარა “ქართულ ოცნებას” კვორუმის შექმნაში, რის გამოც როგორც “ძლიერი საქართველოს” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა, მივიღე გადაწყვეტილება შევწყვიტოთ თანამშრომლობა მიხეილ კაკაურიძესთან და ის გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან", - დაწერა საბა ბუაძემ.