საჭიროების შემთხვევაში, თითოეული პატრიოტი ქართველი მზად არის საკუთარი სიცოცხლის დასათმობად. ჩვენი ამოცანა კი არის, არ დასჭირდეს ქართველ კაცს სიცოცხლის ფასად საკუთარი ქვეყნის დაცვა. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მშვიდ და სტაბილურ გარემოში, პატიოსანი შრომით იზრუნოს საკუთარ ოჯახსა და სამშობლოზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ყაველაშვილის თქმით, ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საკუთარი სამშობლო, ენა, დამწერლობა და სარწმუნოება სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ქართველს არასდროს შეუწყვეტია მოძრაობა.
„ეს ბრძოლა ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა სახის იყო. იყო დრო ხმალ-იარაღით ბრძოლის, ისევე როგორც მოთმინების, ატანისა და გამძლეობის. იყო დრო როდესაც, კალამს უფრო დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე ხმალ-იარაღს. ისევე როგორც დღეს, თანამედროვე სამყაროში, ჩვენს სიტყვებსა და შორსმჭვრეტელობას აქვს განუზომელი ძალა, განსაკუთრებით ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. სწორედ ჩვენი სიტყვა, გონიერება და საკუთარი თავის რწმენაა დღეს ჩვენი მთავარი იარაღი.
საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ბევრი სისხლი გვაქვს დაღვრილი, რომელიც მძიმე იარად აქვს დამჩნეული ქართველ ხალხს. ქართველი კაცის მტკიცე ხასიათი და გამორჩეული ვაჟკაცობა ყოველთვის მოიცავს თავგანწირვას საკუთარი ქვეყნისა და ოჯახისთვის. დარწმუნებული ვარ, საჭიროების შემთხვევაში, თითოეული პატრიოტი ქართველი მზად არის საკუთარი სიცოცხლის დასათმობად. ჩვენი ამოცანა კი არის, არ დადგეს ეს საჭიროება – არ დასჭირდეს ქართველ კაცს სიცოცხლის ფასად საკუთარი ქვეყნის დაცვა. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში, პატიოსანი შრომით იზრუნოს საკუთარ ოჯახსა და სამშობლოზე“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
ამასთან, ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო, საუკუნეების განმავლობაში სრულიად მარტო, ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, უშიშრად და მტკიცედ იცავდა ქრისტიანულ და ევროპულ ღირებულებებს და ამას ჩვენი ერი დიდი მსხვერპლის ფასად აკეთებდა.
„მსურს, დღეს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა საქართველოს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისა და ევროპული იდეის მიმართ. ქართველი ხალხის ევროპულ კუთვნილებას, საფუძველი ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა ჩაუყარეს, რადგან მათთვის ევროპული ღირებულებები – სამართლიანობის, მშვიდობის, ქრისტიანობის, კულტურის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობის დაცვისა და პატივისცემის ტოლფასი იყო. რადგან მათ იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი ცივილიზაციური ევროპის თანაშემოქმედი და განუყოფელი ნაწილია. საქართველო, საუკუნეების განმავლობაში სრულიად მარტო, ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, უშიშრად და მტკიცედ იცავდა ქრისტიანულ და ევროპულ ღირებულებებს. ამას ჩვენი ერი ძალიან დიდი სისხლის და მსხვერპლის ფასად აკეთებდა.
მსურს, მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი, თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობისთვის, რომელიც ორმხრივ ურთიერთსარგებლობას მოიცავს. ჩვენი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, დაფუძნებული იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხის თანადგომით მტკიცე და ურყევი იქნება ამ პრინციპების დაცვაში. არ დავუშვებთ, რომ ქართველი ხალხი მსხვერპლად შეეწიროს გარკვეული ძალების ინტერესებს“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.