საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, მიხეილ ყაველაშვილი, ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ეუთოს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
„შეხვედრაზე საუბარი სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს შეეხო. მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და აღნიშნული საკითხის ეუთოს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი კონფლიქტის მშვიდობანი გზით მოგვარების პროცესში ეუთოს როლს გაუსვა.
ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ამ პროცესში საკუთარი წვლილის შეტანას მომავალშიც გააგრძელებს.
მიხეილ ყაველაშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ქეთევან კვინიკაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ალექსანდრე მაისურაძე და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ლუკა ეხვაია ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.