„არცერთი ბენეფიციარი, ვისაც აქვს მკურნალობის საჭიროება არ დარჩება მის გარეშე. ეს იქნება მკაცრად განსაზღვრული და აქ მოიაზრება ის ადამიანები ვისაც რეალურად ეს სჭირდებათ და არ მოიაზრებიან ადამიანები ვისაც განსაზღვრული ჰქონდა ავად მოხმარება. ეს ეხება ფსიქოტროპულ ნივთიერებებსაც და ნარკოტიკულ საშუალებებსაც“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მინისტრმა, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ აიკრძალება და ჩანაცვლებით მკურნალობაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს.
„მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, როდესაც კონკრეტული მიმწოდებელი არის ორიენტირებული, რაც შეიძლება მეტი გაყიდოს ის პროდუქტი, რომლითაც მდიდრდება, ეს არის რა თქმა უნდა ინტერესი, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ამ პროდუქტის მომხმარებლის შემცირების სურვილს.
იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან დიდია რისკი ამ ნივთიერებების ავად მოხმარებისა რასაკვირველია ასეთ დროს გამართლებულია, რომ სახელმწიფო იყოს მკაცრი ამ მიმართულებით და არ გახადოს ამ ნივთიერებების მოხმარება ლეგალური ბიზნესის, შემოსავლის წყაროდ.
ჩვენ ვთვლით, რომ საზოგადოება რაც შეიძლება შორს უნდა ვამყოფოთ ისეთი მანკიერი თვისებისგან როგორიც არის ნარკომანია. ამიტომ რაც შეიძლება რთულად უნდა იყოს ეს ხელმისაწვდომი და რა საკვირველია მას უნდა ჰქონდეს მთავარი - მკურნალობის ფუნქცია, მიზანი და ამოცანა უნდა იყოს ადამიანის განკურნება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრმა, კერძო სექტორში სერვისების მიმღებთა სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მონაცემთა კონფიდენციალურობის მიზეზით, სახელმწიფოს მსგავსი ტიპის ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება, რაც ანალიტიკურ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ზღუდავს და ამცირებს.
„ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, მხოლოდ სახელმწიფოსგან მართული დაწესებულებების მხრიდან ფუნქციის შესრულებაზე. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, შეიძლებოდა თუ არა კერძო სექტორთან სხვა ალტერნატივების მოძიება, ამისთვის საკმაოდ დიდი დრო იყო, რომ სექტორში პრობლემები არ დახვავებულიყო, სამწუხაროდ პრობლემები ზრდისკენ უფრო იყო ორიენტირებული ვიდრე კლებისკენ და გამოსწორებისკენ. გარკვეულ ინფორმაციას სახელმწიფო რა თქმა უნდა ფლობს, ეს გახლავთ მაგალითად იმპორტირებული პროდუქტის რაოდენობა, მაგრამ როგორ იქნებოდა დისტრიბუცია, ყოველდღიურობა ჩანაცვლებითი თერაპიის თემებში - სამწუხაროდ ეს არ იყო რეალური თანამშრომლობა და ამ თვალსაზრისით პრობლემები არსებობდა.
იყო შემთხვევები, რაც შეიძლება გამოძიების საგანიც იყოს, რომ რამდენიმე პუნქტის ბენეფიციარი იყო ერთი ადამიანი, აქ რა მკურნალობაზეა საუბარი, სამწუხაროდ ამის დაზღვევის კუთხითაც თანამშრომლობა ეფექტური ვერ აღმოჩნდა კერძო სექტორთან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრმა, ჩანაცვლების სერვისის მიმწოდებელი ობიექტების ადგილმდებარეობებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესში გათვალისწინებული იქნება როგორც ბენეფიციართა, ისე მაცხოვრებელთა ინტერესებიც.
„მესმის, რომ ხელმისაწვდომობის სურვილი დიდია რაც შეიძლება ახლოს და ყველა ფეხის ნაბიჯზე ასეთი პუნქტები არსებობდეს, მე მესმის ამ ადამიანების მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ იქ მაცხოვრებელთა ინტერესებიც და მათ მოსაზრებებსაც პატივი უნდა ვცეთ. ხელმისაწვდომი, ტრანსპორტი იქნება რა თქმა უნდა და ყველაფერი სხვა, რომ მიაგნონ იმ პუნქტს, სადაც იქნება რეალურად ჩანაცვლებითი თერაპია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.