დანიის შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით შემავალი გრენლანდიის ვრცელ ტერიტორიაზე, რომლის დაუფლებისკენაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისწრაფვის, სავარაუდოდ, მინერალებისა და ნავთობის ხელუხლებელი მარაგებია, თუმცა, მათი რაოდენობა, გლობალურ მასშტაბში, შედარებით მოკრძალებულია და ათვისების მცირე პოტენციალი გააჩნია.
იშვიათი მიწები
დანიისა და გრენლანდიის გეოლოგიური კვლევის სამსახურის (GEUS) შეფასებით, გრენლანდიის იშვიათ მიწებში არსებული ძვირფასი მინერალების მარაგი 36,1 მილიარდ ტონას შეადგენს. მოთხოვნა იმ 17 ლითონზე, რომლებიც ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მომავალში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება. ისინი შეუცვლელ მასალას წარმოადგენენ დრონებისთვის, ქარის ტურბინებისთვის, მყარი დისკებისთვის, ელექტრომობილებითვის, ტელესკოპის ლინზებისა და საბრძოლო თვითმფრინავებისთვის. თუმცა, აშშ-ს გეოლოგიური კვლევის სამსახურის (USGS) უახლესი ანგარიშის თანახმად, გრენლანდიის იშვიათ მიწებში არსებული აქტიური რეზერვები - ანუ ის, რისი მოპოვებაც ეკონომიკურად მომგებიანია და ტექნიკურად შესაძლებელია - დაახლოებით 1,5 მილიონ ტონას შეადგენს. ეს მოკრძალებული რაოდენობაა ჩინეთის (44 მილიონი ტონა) ან ბრაზილიის (21 მილიონი ტონა) რეზერვებთან შედარებით, თუმცა, საკმარისია იმისთვის, რომ მიიზიდოს მწარმოებლები, რომლებიც, ჩინეთის დომინირებისგან თავის დაღწევის მიზნით, ნედლეულის მიწოდების დივერსიფიკაციას ცდილობენ.
ლითიუმი, გრაფიტი, ურანი
GEUS-ის მონაცემებით, გრენლანდიის ნიადაგი ასევე შეიცავს გრაფიტს, ლითიუმს და სპილენძს - სამ მინერალს, რომლებიც ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) გარდამავალ ენერგეტიკაზე გადასვლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნია. გრენლანდიაში გრაფიტის რესურსების რაოდენობა GEUS-ის მიერ შეფასებულია ექვს მილიონ ტონად, ანუ დათვლილი მსოფლიო მარაგის 0.75 პროცენტად. IEA-ს 2024 წლის მაისის ანგარიშის თანახმად, ჩინეთი „დომინირებს იმ მინერალების მთელ საწარმოო ციკლში“, რომელიც გამოიყენება როგორც ბატარეებში, ასევე ბირთვულ ინდუსტრიაში. ლითიუმის შემთხვევაში, რომელიც ასევე ბატარეების კომპონენტია და რომელზეც მოთხოვნა, IEA-ს პროგნოზით, 2040 წლისთვის, შესაძლოა, რვაჯერ გაიზარდოს, გრენლანდიის რესურსები შეფასებულია 235 000 ტონად, ანუ მსოფლიო მარაგის 0.20 პროცენტად.
გრენლანდიის სპილენძის რესურსები, გლობალურ მასშტაბით, ასევე უმნიშვნელოა. სამაგიეროდ, ურანის მარაგები, რომელიც სანუკვარ ბირთვულ საწვავს წარმოადგენს, შესაძლოა, უფრო დიდი სტრატეგიული ინტერესის საგანი იყოს. თუმცა, მისი მოპოვება კუნძულზე 2021 წლიდან აკრძალულია.
ერთი მაღარო მოქმედია, კიდევ ერთი მალე ამუშავდება
გრენლანდიაში მხოლოდ ერთი მოქმედი მაღაროა - დასავლეთ სანაპიროზე არსებულ ანორთოზიტის საბადოს კომპანია „Lumina Sustainable Materials“ ამუშავებს. მისი წარმოება ძალიან შეზღუდულია, საქმიანობა კი - პერიოდული. წლების განმავლობაში საბადოს მფლობელი მრავალჯერ შეიცვალა. კუნძულის სამხრეთით მდებარე ნალუნაქის ოქროს მაღარო, რომელიც კანადურ კომპანია „Amaroq Minerals“-ს ეკუთვნის, ხელახალი გაშვების ფაზაშია. „კიდევ რამდენიმე სხვა პროექტი შემუშავების პროცესშია, ზოგიერთმა მათგანმა ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის დასაბუთების სტადია უკვე გაიარა და ექსპლუატაციის ლიცენზია მიღებული აქვს“, - განუცხადა სააგენტო „ფრანს პრესს“ GEUS-ის უფროსმა კონსულტანტმა, იაკობ კლოვე კეიდინგმა.
თუმცა, მისივე თქმით, ახალი ობიექტების ამოქმედება „მნიშვნელოვან დამატებით ინვესტიციებს და საბოლოო დამტკიცებას“ საჭიროებს. ევროკავშირმა, რომელმაც კუნძულზე მოძიებული 34 მინერალიდან 25 კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის ოფიციალურ სიაში შეიტანა, 2023 წელს გრენლანდიის მთავრობასთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც კუნძულის მინერალური რესურსების განვითარებას ითვალისწინებს. ეს სტრატეგიული პარტნიორობა, შესაძლოა, ახალ პერსპექტივებს სახავდეს საზღვაო ტრანსპორტისა და რესურსების კვლევის სფეროში, რადგან არქტიკის დათბობა, დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით, ოთხჯერ უფრო სწრაფი ტემპით ხდება.
ნახშირწყალბადი
GEUS-ისმონაცემებით, კუნძულზე, შესაძლოა, ასევე იყოს ნახშირწყალბადები, რომლის მარაგი დაახლოებით 28 მილიარდ ბარელ ნავთობს უტოლდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს რაოდენობა, ერთი შეხედვით, დიდია, საკითხი სხვა კონტექსტში უნდა განვიხილოთ. კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, მართალია, ნავთობის საძიებო სამი ლიცენზია მოქმედებს, მაგრამ ისიც ფაქტია, ნავთობის ან გაზის სამრეწველო მოპოვება გრენლანდიაში არასდროს მომხდარა. თანაც, აშშ-მ, მხოლოდ 2023 წელს, 7,39 მილიარდი ბარელი ბენზინი მოიხმარა.