ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამაში კერძო სექტორიდან 1800 ბენეფიციარი გადავიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ რეფორმის განხორციელების პროცესში გამოვლენილ მანკიერებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 200-მდე ბენეფიციარმა, რომელიც კერძო მიმწოდებლიდან სახელმწიფოში გადავიდა, უარი განაცხადა იმ დოზის მიღებაზე, რომელსაც კერძო დაწესებულებაში ყიდულობდა. როგორც მინისტრმა განმარტა, როდესაც უფასოდ იქნა ნარკოტიკი შეთავაზებული, მათ მოითხოვეს სამჯერ შემცირებული დოზის მიღება.
მინისტრის თქმით, საზოგადოებისთვის მარტივია დასკვნის გაკეთება, თუ რა მიზეზით შეიძლება იწერებოდეს მომხმარებელზე სამჯერ დიდი დოზის შემცველი ნარკოტიკი.
ამასთან, აღნიშნა, რომ შეინიშნებოდა კერძო დაწესებულებების ცალკეულ მომხმარებლებს შორის საკმაოდ დიდი სიხშირით ნარკოტიკის გარეთ გამოტანის მცდელობები, რასაც ყოველ ჯერზე მოჰყვა სათანადო რეაგირება.
„დასრულდა ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი სისტემის რეფორმის ერთი ეტაპი. შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ დასრულდა ეს ეტაპი წარმატებულად. ჩვენს მიერ გაგრძელებული პერიოდის განმავლობაში, კერძო მიმწოდებლების მომხმარებელთაგან სახელმწიფოს მომართა დამატებით 400-მდე ბენეფიციარმა, საერთო რიცხვია დაახლოებით 1800. რეფორმის პროცესმა დაადასტურა, რომ რეფორმა სწორად დაიგეგმა და წარმატებულია.
რეფორმის განხორციელების პროცესში გამოვლინდა იმდენი და იმ მასშტაბის მანკიერება, რომელიც ადასტურებს, რომ ცვლილებები იყო უდავოდ აუცილებელი და დროული.
თითქმის 200-მა ადამიანმა, რომელიც გადმოვიდა კერძო მიმწოდებლებიდან სახელმწიფოში, პირველივე დღიდან უარი განაცხადა იმ დოზის მიღებაზე, რომელსაც კერძო დაწესებულებაში ყიდულობდა. სასყიდლის ფასი არ იყო მცირე, რვავე ორგანიზაციის, რომელიც ამ სერვისის მიწოდებით იყო დაკავებული, ჯამური წლიური შემოსავალი 30 მილიონ ლარზე მეტი იყო.
რაშიც ფულს იხდიდა კერძო მიმწოდებლის ბენეფიციარი, ახლა, როდესაც უფასოდ იქნა ნარკოტიკი შეთავაზებული, ამ შემთხვევაში მან მოითხოვა სამჯერ შემცირებული დოზის მიღება. რა მიზეზით შეიძლება იწერებოდეს მომხმარებელზე სამჯერ დიდი დოზით ნარკოტიკი, საზოგადოებას შეუძლია მარტივად დასკვნების გამოტანა. ეს ეხება მათ, ვინც სახელმწიფო სექტორში გადმოინაცვლა და ინფორმაციას ვფლობთ.
რამდენიმე კერძო მიმწოდებლის შემთხვევაში გამოყენებული საშუალო დოზა გაცილებით მაღალია მთლიანად კერძო ჩანაცვლებითი პროგრამის ფარგლებში გამოყენებულ საერთო ზოგად საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.
შეინიშნება კერძო დაწესებულებების ცალკეულ მომხმარებლებს შორის საკმაოდ დიდი სიხშირით ნარკოტიკის გარეთ გამოტანის მცდელობები. ამას ყოველ ჯერზე მოჰყვა სათანადო რეაგირება. ყველას მოვუწოდებთ, ასეთი ქმედებისგან თავი შეიკავოს. ეს კარგად არ დამთავრდება, ყველას ვთხოვ გაითვალისწინონ, რომ მომსახურება გულისხმობს მხოლოდ მკურნალობას.
ასევე, ფიქსირდებოდა ერთი და იგივე მომხმარებლის სხვადასხვა მიმწოდებელთან რეგისტრაცია და სხვა გარემოებები.
ის, რომ მსგავსი პრაქტიკა რადიკალურად შეიცვალა და კიდევ უფრო მეტად შეიცვლება დადებითად, მტკიცებულებაა, რომ რეფორმა სწორად იყო დაგეგმილი და განხორციელებული“, - აღნიშნა მინისტრმა.