მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის სხდომა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დღესაც გადაიდო.
დღევანდელ სხდომაზე ნინო დათაშვილი არ გამოცხადებულა. შესაბამისად, პროცესი 29 ოქტომბერს გადაიდო.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის განცხადებით, პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი იყო სამედიცინო ცნობა, რომლის მიხედვითაც, ექიმი უთითებდა, რომ დათაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას ვერ დაესწრებოდა.
დათაშვილის ადვოკატის განმარტებით, ის ბრალდებულთან დღეს იმყოფებოდა, არაფერი შეცვლილა, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი არაა, თუმცა, პენიტენციურ დაწესებულებაში მკურნალობა - ფიზიოთერაპიის კურსი დაწყებულია.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადასინჯა და ძალაში დატოვა.
პროკურატურა დათაშვილის მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა. როგორც მედია ცირამუა აცხადებდა, ბრალდებულის მხრიდან კვლავ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. მისივე თქმით, ახალი გარემოება, რაც აღკვეთის შეცვლის საფუძველი იქნებოდა, არ გამოვლენილა. ამასთან, პროკურორის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ აუარესებს და დათაშვილისთვის ჯანმრთელობის პრობლემის მოსაგვარებლად ფიზიოთერაპიის აპარატიც შეიტანა.
დაცვის მხარე შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატის თქმით, ის ახალ გარემოებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას სასამართლოში აუცილებლად შეიტანს.
უფლებადამცველის თქმით, დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხის პირობებში გაუარესდა, მისთვის ფიზიოთერაპიის გაკეთების მიზნით შეტანილი აპარატი საკმარისი არ არის.
ამასთან, ადვოკატის თქმით, პროკურატურა დათაშვილის ბედს უპასუხისმგებლოდ უდგება, ის დღეს შეხვედრამდე ორი ადამიანის დახმარებით მივიდა და მისი ამ მდგომარეობაში ნახვა ძალიან რთული იყო.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე არავის ჯანმრთელობას არ უგულებელყოფს. ბრალდების მხარეს არ უთქვამს, რომ დათაშვილი კარგად არის და არაფერი სჭირს. როგორც ის განმარტავდა, საუბარი შეეხებოდა, პირი პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენად იღებს სერვისებს, რაც მას ესაჭიროება.
დაცვის მხარის თქმით, დათაშვილს თვით მოვლა და ჭამა არ შეუძლია.
ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.
აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.