საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცმებით, 2025 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით საშუალოდ 5.1 პროცენტით გაიზარდა.
საქსტატის განმარტებით მშენებლობის ღირებულების ინდექსში იგულისხმება ამა თუ იმ ობიექტის მხოლოდ ის მთლიანი ღირებულება, რაც დაიხარჯა მის აშენებაში. მაგალითად – მასალების ღირებულება, მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის ხარჯები, ტექნიკის იჯარა თუ სხვა. შესაბამისად, აღნიშნულ ინდექსში არ იგულისხმება ამა თუ ობიექტის საბოლოო, ანუ საბაზრო ღირებულება/ფასი.
საქსტატის მონაცემებით:
- საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი 2025 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 8.3 პროცენტით. ამ სეგმენტში შედის მხოლოდ საცხოვრებელი ბინები და სახლები, ხოლო მშენებლობის ინდექსში მათი, ასე ვთქვათ, თვითღირებულება/აშენების ფასი. ანუ, მიმდინარე წლის აპრილში წინა წლის აპრილთან შედარებით, ბინის/სახლის აშენების ფასი 8,3 პროცენტით არის გაზრდილი.
- არასაცხოვრებელი სეგმენტის [მაგალითად სკოლების, ოფისების, საწარმოო თუ სხვა არასაცხოვრებელი ობიექტების] მშენებლობის ინდექსი 2025 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 2.5 პროცენტით.
- სამოქალაქო სეგმენტის [აქ შედის გზები, ხიდები, გვირაბები და სხვა მსგავსი ობიექტები] მშენებლობის ინდექსი კი, მიმდინარე წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 2.6 პროცენტით.
საქსტატი წერს, რომ 2024 წლის აპრილთან შედარებით მიმდინარე წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა უმეტესწილად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 18.3-პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.2-პროცენტიანი გაძვირებით.
თუმცა, საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა, ანუ მარტის თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით შემცირდა, რაც განპირობებული იყო დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.3-პროცენტიანი კლებით.