თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მტკვარმა, საყრდენ კედელს ძირი გამოურეცხა, რამაც გზის ჩავარდნა გამოიწვია.
როგორც ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, აღნიშნულის გამო, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კიდევ ერთ ზოლზე მოხდება მოძრაობის შეზღუდვა.
“მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან “გაგრის” მიმდებარედ გუშინ შევამჩნიეთ, რომ გზის სავალ ნაწილზე ბზარები იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტმა მოახდინა გზის ნაწილობრივ შეზღუდვა, ამან ნაწილობრივ საფრთხე აგვარიდა თავიდან. დავიწყეთ 24-საათიანი მონიტორინგი. დღეს, მდგომარეობა გართულდა, ამ ადგილზე მოხდა მიწის გარკვეული მასის ჩაშლა. პირველადი მონაცემებით, მტკვარმა, საყრდენ კედელს ძირი გამოურეცხა, რამაც გამოიწვია გზის ჩავარდნა. მერიის შესაბამისი სამსახურები მობილიზებულები ვართ. დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები. იმ მონაკვეთის გარდა, სადაც მოძრაობა შეზღუდული იყო, კიდევ ერთ ზოლზე მოვახდენთ მოძრაობის შეზღუდვას. მოძრაობის მიმართულებას გავაცალმხრივებთ, ზოლში ორივე მიმართულებით იქნება მოძრაობა შესაძლებელი. 24-საათი ვიქნებით ჩართულები, რათა მალე მოხდეს ზიანის აღმოფხვრა”,- აღნიშნა ბენდელიანმა.