მზია ამაღლობელი 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელ გახდა

მზია ამაღლობელი 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელ გახდა

09-10-2025 20:17
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 584

„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, ექვს სხვა ჟურნალისტთან ერთად 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელად დასახელდა.

ჯილდო საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის IPI-IMS-ის მიერაა დაწესებული.

„შვიდი გამორჩეული ჟურნალისტი საქართველოდან, აშშ-დან, ღაზას სექტორიდან, პერუდან, ჰონგ-კონგიდან, უკრაინიდან და ეთიოპიიდან 2025 წლის IPI-IMS-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირებად დასახელდა თავისუფალი მედიისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული გამბედაობისა და გამძლეობისთვის.

ბევრმა განიცადა პატიმრობა, რეპრესიები და დაუნდობელი მცდელობები მათი საქმიანობის გასაჩუმებლად, მაგრამ ისინი აგრძელებდნენ რეპორტაჟების მომზადებას შესანიშნავი გამძლეობითა და ჟურნალისტიკისადმი ერთგულებით.

დაჯილდოვებულთაგან ორი, ორივე ქალი, დაიღუპა ომის ზონებიდან მსოფლიოსთვის ახალი ამბების მიწოდებისას. ეს ჯილდო პატივს მიაგებს მათ მემკვიდრეობას.

კიდევ ორი დაჯილდოვებული ამჟამად ციხეშია პრესისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ფონზე,“ - ნათქვამია IPI-IMS-ის მიერ გავრცელებულ რელიზში, რომელსაც „ბათუმელები“ ავრცელებს.

ასევე, საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი მზია ამაღლობელის სიტყვას ავრცელებს, რომელიც მან რუსთავის ქალთა კოლონიიდან გაუგზავნა.

„მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელებს შორის ყოფნა ერთდროულად პატივიცაა და პასუხისმგებლობაც. ეს ჯილდო მხოლოდ მე არ მეხება; ის აღიარებს საქართველოში მრავალი ჟურნალისტის ბრძოლას, რომლებიც უზარმაზარი ზეწოლის მიუხედავად, გაბედულად იცავენ სიმართლეს… ეს ჯილდო შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენი მსხვერპლი უხილავი არ არის და რომ საერთაშორისო საზოგადოება მხარს გვიჭერს. რაც მთავარია, ეს ყველა ჩვენგანისთვის წახალისების წყაროა, გავაგრძელოთ პრესის თავისუფლების დაცვა, რადგან ამით ჩვენ ასევე ვიცავთ თავად დემოკრატიას“, - წერს მზია ამაღლობელი.

გამარჯვებული ჟურნალისტების წარმომადგენლებს ჯილდოები ვენაში, 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მსოფლიო კონგრესზე 24 ოქტომბერს გადაეცემა.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე