ვიღაცას შეიძლება გაეცინოს არჩევნების ტელეფონით ჩატარებაზე, ამის კარგი პრაქტიკა იყო ესტონეთში და ჩვენ მის გადმოღებას ვაპირებთ. ტელეფონი არ გაჟონავს, როგორც “ქართული ოცნების” ქაღალდები, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გაერთიანებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ბურჭულაძის თქმით, შეხვედრისას გამოჩნდა რამდენიმე ვარიანტი იმისა თუ როგორ ჩატარდეს არჩევნები. მისივე თქმით, არჩევნები, სავარაუდოდ სექტემბერში ჩატარდება.
პაატა ბურჭულაძემ ასევე ახალი გაერთიანების შექმნა დაანონსა, რომელსაც მისი თქმით, “რუსთაველის გამზირი” ერქმევა.
“დღეს იყო ჩვენო მესამე შეხვედრა. ასე თუ ისე ისახება გეგმები. გვინდა, რომ საქართველოში უსამართლობა დასრულდეს, გვინდა შედგეს ნამდვილი არჩევნები და არა ისეთი არჩევნები, რომლებიც აქამდე ტარდებოდა. ჩვენ გვაქვს ბევრი ვარიანტი იმისა, რომ ჩვენ თვითონ ჩავატაროთ არჩევნები. მგონი ამას ალტერნატივა არ აქვს, არ შეიძლება ასე გაგრძელება. ჩვენ თანამებრძოლებს უკვე ნელ-ნელა ციხე ემუქრებათ. ამასთან, ცრუ კომისია, ცრუ დადგენილებას იღებს. ეს წარმოუდგენელია, ამის დაშვება არ შეიძლება. ჩვენ ვქმნით ერთ დიდ ალტერნატივას, რასაც ჰქვია “საქართველოს ხალხი” ე.წ პარლამენტის წინააღმდეგ. ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს - ე.წ პარლამენტი თუ საქართველოს ხალხი. არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს - როგორ უნდა ჩავატაროთ. აუცილებლად იქნება ასეთი დევიზი - “არ ჩაგატარებინებთ ცრუ არჩევნებს!”. ჩვენია ეს ქვეყანა, ჩვენ უნდა ჩავატაროთ ყველაფერი, რაც ამ ქვეყანას სჭირდება”, - განაცხადა ბურჭულაძემ.
ამასთან, ბურჭულაძემ განმარტა მეთოდები, რა გზითაც აპირებს ოპოზიცია არჩევნების დანიშვნასა და ჩატარებას.
“სამართლებრივად ძალიან კარგად წარმოგვიდგენია. ჩვენ გვყავს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სახით, ჩვენ გვყავს ის მთავრობა - უზენაესი საბჭო , რომელიც არიას ზვიად გამსახურდიას მთავრობა, რომელიც ჯერაც არ გაუქმებულა. უზენაესი საბჭოც გვერდში გვიდგას. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, მას არავინ ჰყავს, არც პრეზიდენტი ჰყავს, არც ის ორგანო, რომელმაც შეიძლება არჩევნები დანიშნოს.
ვიღაცას შეიძლება გაეცინოს არჩევნების ტელეფონით ჩატარებაზე, ამის კარგი პრაქტიკა იყო ესტონეთში და ჩვენ მის გადმოღებას ვაპირებთ. ტელეფონი არ გაჟონავს, როგორც “ქართული ოცნების” ქაღალდები. ჩვენი ვარაუდით, არჩევნები სექტემბერში უნდა ჩატარდეს.
თუ ჩვენ არ ჩავატარეთ, საქართველოში არ იქნება არჩევნები. ბოლო წლებში საქართველოში არჩევნები არ ტარდება, ამიტომ ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი დასრულდეს. თუ ჩვენს [ჩატარებულ] არჩევნებში “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, ჩვენ პარლამენტში შევალთ კი არა ყველაფერს ვიზამთ, მაგრამ ეჭვი მეპარება”,- განაცხადა ბურჭულაძემ.