პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 126

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ამით პარტიის მიერ მე-11 მოწვევის პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმი დასრულებულია.

XI მოწვევის პარლამენტში პარტია "გახარია საქართველოსთვის" 12 უფლებამოსილება შეწყვეტილი დეპუტატის ადგილმონაცვლე შედის. ადგილმონაცვლე დეპუტატები არიან: - გელა აბულაძე, ჯემალ ანანიძე, ქეთევან ბაკარაძე, რუსუდან თევზაძე, მალხაზ თორია, შალვა კერესელიძე, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, გიორგი შარაშიძე, თამარ ხვედელიანი, ხოლო სოფიო ხორგუანი.

"ერთი წლის წინ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთხმად მიიღო პარლამენტის ბოიკოტის გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური პროტესტის ამ ფორმამ "ოცნების" ბოროტების მანქანა ვერ შეაჩერა და ვერ მოახდინა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ქვეყნისთვის ისეთი დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია, როგორიც იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, ანტიდემოკრატიული და ადამიანის უფლებების შემლახველი კანონების მიღება, ავტოკრატიული რეჟიმის დამძიმება, მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოპარვა და სხვა ბევრი დანაშაულებრივი, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.

პარლამენტის ბოიკოტმა, რაც მთელი პოლიტიკური პროცესის ბოიკოტში გადაიზარდა, ოპოზიცია, ფაქტობრივად, გააქრო პოლიტიკური ასპარეზიდან. შედეგად, ოცნებას შესაძლებლობა მიეცა ძალიან სწრაფად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ემოქმედა და დაემძიმებინა ავტორიტარიზმი, რამაც 4 ოქტომბრის პროვოკაციამდე მიგვიყვანა. ჩვენ არავის ვადანაშაულებთ, გარდა საკუთარი თავისა! ერთი წლის წინ ვერ შევძელით საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის დარწმუნება, რომ პარლამენტის მანდატების გაუქმება შეცდომა იყო, ამას კი მოჰყვა მოვლენათა ჯაჭვი, რამაც მიგვიყვანა დღევანდელ მძიმე მდგომარეობამდე! მაგრამ დღეს ჩვენ აღარ ვაპირებთ არც საკუთარი შეცდომების ტყვეობაში და არც ილუზიებში დარჩენას და თავის მოტყუებას! 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო და პროვოკაციულმა პროცესებმა სიტუაცია უკიდურესად დაამძიმა, უკიდურესად დააზიანა ისედაც დასუსტებული ოპოზიციური სპექტრი და ოცნებას მისცა საბაბი, საკუთარ მომხრეებში გაემართლებინა ავტორიტარიზმის დამძიმება. ვხედავთ გამოხატვის თავისუფლების ამკრძალავ ახალ ანტიდემოკრატიულ კანონებს, ათობით დაპატიმრებულ დემონსტრანტს, მათ შორის ჟურნალისტებს, რასაც ჩვენი მომავალი თაობისთვის ევროპული განათლების მიღების შემზღუდავი ეგრეთ წოდებული განათლების ახალი რეფორმის ანონსიც დაემატა. ვხედავთ ანტიევროპული პროპაგანდის კიდევ უფრო დამძიმებას, პირდაპირ თავდასხმებს პარტნიორი სახელმწიფოების ელჩებზე.

ის, რასაც ოცნების რეჟიმი გერმანიის ელჩის და გერმანიის წინააღმდეგ სჩადის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების დაზიანებად შეიძლება შეფასდეს. უნდა ვაღიაროთ, რომ ოპოზიციის პოლიტიკური პროცესიდან გაქრობამ ხალხი რეჟიმის პირისპირ დაუცველი დატოვა – ყოველდღე ახალი პოლიტპატიმრები გვემატებიან. ამიტომ არის ჩვენი მთავარი მიზანი განსხვავებული აზრის გადარჩენისთვის ბრძოლა! ამ ქვეყანაში არსებობს სხვა სიმართლეც და ჩვენ ეს სიმართლე სააშკარაოზე უნდა გამოვიტანოთ! ამიტომ, ვიწყებთ ხალხისთვის განკუთვნილი ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისა და პლატფორმის ხალხის სამსახურში დაბრუნებას, რადგან საქართველოს წარმომადგენლობითი ორგანოები – მუნიციპალურ დონეზე საკრებულოები და ეროვნულ დონეზე პარლამენტი არ ეკუთვნის "ოცნებას" და ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს!

სამწუხაროდ, დღეს, როცა ორი რადიკალური მხარისგან განსხვავებული აზრის მიუღებლობამ ზიზღისა და ურთიერთ დაპირისპირების საშიშ ზღვართან მიგვიყვანა და მთელი ქვეყანა სიძულვილის სპირალშია გახვეული, ყველაზე მეტად გვმართებს გონიერი, ზომიერი და თანმიმდევრული პოლიტიკის დაბრუნება ყველა დონეზე! პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნის არ გამოყენება, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მოქალაქეების ხმა და განსხვავებული აზრი უნდა ისმოდეს! დროა, ტყუილს სიმართლით, ზიზღისა და სიძულვილის ენას გონიერი, მშვიდი, ზომიერი და თანმიმდევრული ნაბიჯებით ვუპასუხოთ!" - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე