ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორი ირაკლი მარშანია განმარტავს, კონკრეტულად რა ახალი ბრალდებები დაემატა მიქაუტაძეს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთია ის, რომ თუკი აქამდე, მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა 3 მლნ ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზებასთან დაკავშირებით, ახლა გამოძიება მას დაახლოებით, 8.4 მლნ ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.
ამასთან, პროკურორის განმარტებით, დაემატა ისიც, რომ მიქაუტაძეს რამდენიმე ეპიზოდზე წარედგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაც.
მისივე თქმით, მიქაუტაძე დანაშაულებს სჩადიოდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ და „თბილსერვისის ჯგუფის“ უფროსად მუშაობის პერიოდში.
პროკურორის ინფორმაციით, ყველა ქონება, რომელიც გამოძიებამ მოიძია და რომელიც მიქაუტაძესთან არის დაკავშირებული, დაყადაღებულია.
„თავდაპირველად, როცა გამოძიება დაიწყო, შესაბამისი მუხლებით იქნა წარდგენილი ბრალდება, რაც თქვენთვის ცნობილია. გამოძიების მიმდინარეობის დროს გამოიკვეთა კონკრეტული ახალი ეპიზოდები, რომელიც ჩაიდინა რომეო მიქაუტაძემ. კერძოდ, დაემატა ის, რომ ბრალი წარედგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რამდენიმე ეპიზოდი. ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კუთხით დამძიმდა ბრალდება, გაიზარდა ოდენობა. წარდგენილი იყო 3 მლნ-სთან დაკავშირებით ბრალი და გამოძიებით დადასტურდა, რომ მან განახორციელა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია დაახლოებით, 8.4 მლნ-ის. გარდა ამისა, დადგინდა, რომ რომეო მიქაუტაძემ, მაშინ როდესაც მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურებში, ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ კანონით აკრძალული ჰქონდა, მონაწილეობას იღებდა სამეწარმეო საქმიანობაში. მან დააარსა რამდენიმე კომპანია, ასევე, მართავდა ამ კომპანიებს და წილები ჰქონდა კერძო კომპანიებში. ეს კომპანიები დაკავშირებული იყო ჰესებთან. ეხმარებოდა ამ კომპანიებს, ვინაიდან დაინტერესება ჰქონდა, სხვადასხვა ნებართვების აღებაში. მაგალითად, როცა კომპანია არის ახალი, მისი ღირებულებაა დაბალი, მაგრამ როცა მოიპოვებს სხვადასხვა ნებართვებს, სხვადასხვა უწყებებიდან, მოიპოვებს მაგალითად ჰესის მშენებლობის ნებართვას და ა.შ, ამ კომპანიის წილის ღირებულება მაქსიმალურად იზრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით დაზუსტდა ეს ბრალი. გამოძიება გრძელდება და მომავალში რას დაადგენს, ვნახავთ. ვერსიებთან დაკავშირებით, ასევე ვინ როგორ არის დაბარებული გამოძიებაში, აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. უბრალოდ, იმას ვიტყვი, რომ გამოყოფილია საქმე და ყველა ვერსია გადამოწმდება. ყველა ქონება რაც გამოძიებამ მოიძია, დაყადაღებულია და საქმეშიც არის. საქმეში არის მასალები, სადაც დაფიქსირებულია, რომ ოჯახის წევრები, ოჯახთან დაკავშირებული პირები, რომეო მიქაუტაძესთან დაკავშირებული პირები, კომპანიები, რომელშიც ფიგურირებს რომეო მიქაუტაძის და მისი ოჯახის წევრების წილები, არის დაყადაღებული. მათ შორის, ესპანეთის სახლიც. რომეო მიქაუტაძე მუშაობდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ, „თბილსერვისის ჯგუფის“ უფროსად და ამ პერიოდში ახდენდა ამ დანაშაულების ჩადენას“, - განაცხადა ირაკლი მარშანიამ.