ირაკლი ოქრუაშვილმა არ შეასრულა გირაოს პირობები, დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილება - გარდა მის მიერ დარღვეული პირობისა, მისი ქმედება იყო ძირითადი ფაქტორი, როდესაც ბრალდებული განმარტავს, რომ არ გადაიხდის აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრულ გირაოს, მისთვის სპორტული ჟინი იყო აღნიშნული, რის გამოც არ შეასრულებდა გირაოს პირობებს, - ამის შესახებ პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, როდესაც სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, ირაკლი ოქრუაშვილი ასევე აკეთებდა საჯარო მოწოდებებს, რომ სხვა ბრალდებულებსაც არ გადაეხადათ გირაოს ოდენობა.
„მოცემულ შემთხვევაში შეფასდა ბრალდებულის პიროვნება, მისი დამოკიდებულება როგორც საგამოძიებო ორგანოსადმი, ისე სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, ასევე მისი დამოკიდებულება კანონისა და კანონიერ მოთხოვნისადმი. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა არ გადაიხადა დადგენილ ვადაში გირაოს ოდენობა, დაარღვია აღკვეთის ღონისძიების პირობა, გირაოს ოდენობის თანხის უზრუნველყოფაც მას არ მოუხდენია უძრავი ქონებით, შესაბამისად, აღნიშნული იყო მთავარი საფუძველი, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეიცვალა პატიმრობით. პირველი, არ შეასრულა გირაოს პირობები, დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გაითვალისწინა მოსამართლის კანონიერი მოთხოვნა.
გარდა მის მიერ დარღვეული პირობისა, მისი ქმედება იყო ძირითადი ფაქტორი, როდესაც ბრალდებული განმარტავს, რომ არ გადაიხდის აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრულ გირაოს, მისთვის სპორტული ჟინი იყო აღნიშნული, რის გამოც არ შეასრულებდა გირაოს პირობებს. მისი საჯარო მოწოდებებიც, რომ სხვა ბრალდებულებს არ გადაეხადათ გირაოს ოდენობა“, - აღნიშნა პროკურორმა.