პროკურორი - ცინდელიანი ფსიქიატრიული კვლევის ფარგლებში, აცხადებს, რომ არ ახსოვს, როგორ მიაყენა ქეთევან ჯავახიშვილს ჭრილობები, განსხვავებით მოწმის სახით დაკითხვისაგან, როცა გამოძიებას სრულყოფილად მიაწოდა ინფორმაცია

პროკურორი - ცინდელიანი ფსიქიატრიული კვლევის ფარგლებში, აცხადებს, რომ არ ახსოვს, როგორ მიაყენა ქეთევან ჯავახიშვილს ჭრილობები, განსხვავებით მოწმის სახით დაკითხვისაგან, როცა გამოძიებას სრულყოფილად მიაწოდა ინფორმაცია

19-07-2024 09:29
კატეგორიები: Uncategorized

ბრალდებული [ოთარ ცინდელიანი] ფსიქიატრიული კვლევის ფარგლებში, უმრავლეს გარემოებაზე, მათ შორის, თუ როგორ მიაყენა ქეთევან ჯავახიშვილს ჭრილობები, როგორ მოხდა დანაშაული და ა.შ., აცხადებს, რომ არ ახსოვს, განსხვავებით მის მიერ მოწმის სახით დაკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციისგან. ბრალდებულმა გამოძიებას სრულყოფილად მიაწოდა ინფორმაცია, თუ რატომ წარმოიშვა კონფლიქტი და როგორ მიაყენა ჯავახიშვილს ჭრილობები , - ამის შესახებ ჟურნალისტებს 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.

როგორც ვეფხვაძე განმარტავს, ექსპერტთა ჩვენებებითა და დასკვნებით, დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებულის შერაცხადობა დადასტურდა.

„ფსიქოლოგიური ექსპერტის დაკითხვით დადასტურდა, რომ ბრალდებული აფექტის მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, მას სრულად შეეძლო მისი ქმედება გაეცნობიერებინა. ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა და ასევე ექსპერტმა დაადასტურა, რომ ბრალდებულის გადმოცემით, ის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელია, თუმცა, ფსიქიკური კუთხით, მას რამე ფსიქოზური აშლილობა, რომელიც მისი ქმედების არაგათვაიცნობიერებას და შეუგნებლად ჩადენას გამოიწვევდა, არ დადასტურდა. ექსპერტმა, ფსიქიატრმა კატეგორიულად დაადასტურა, ის ფაქტი, რომ ბრალდებული გარკვეული წლების განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე მიუთითებს, დანაშაულის შეგნებულად ჩადენას არ გამორიცხავს.

როდესაც ექსპერტთან ბრალდებულის გასაუბრება მოხდა, ექსპერტმა დასკვნაში მიუთითა ის ინფორმაცია, რასაც მას ბრალდებული უყვებოდა. კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებული გამოძიების ეტაპზე, მოწმის სახით დაკითხვის დროს, გამოძიებას აბსოლუტურად სხვაგვარ ინფორმაციას აწვდიდა, ხოლო ექსპერტთან სხვა რამეს საუბრობდა. ეს პირდაპირ ფაქტებს ეხება, ვინაიდან, გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებით, ბრალდებული ადასტურებდა, რომ მას უთანხმოება შეექმნა გარდაცვლილთან და შესაბამისად, ეს იყო მიზეზი, რამაც საბოლოო ჯამში, მისი მოკვლა გამოიწვია. ხოლო ექსპერტთან, გარკვეულწილად ცდომილებას აფიქსირებს, რადგან იქ ცდილობს, რომ სხვაგვარად მიაწოდოს ინფორმაცია. ასევე, ექსპერტმა დაადასტურა, რომ ბრალდებული კვლევის ფარგლებში, პასუხების დროს სიფრთხილეს იჩენდა.

ფსიქიატრიული კვლევის ფარგლებში და ფსიქოლოგთა გასაუბრების დროს, ბრალდებული უმრავლეს გარემოებაზე, მათ შორის, როგორ მიაყენა ქეთევან ჯავახიშვილს ჭრილობები, როგორ მოხდა დანაშაული და ა.შ., აცხადებს, რომ არ ახსოვს, განსხვავებით მის მიერ მოწმის სახით დაკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციისგან, მან სრულყოფილად მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია, რატომ წარმოიშვა კონფლიქტი, რამ გამოიწვია უთანხმოება, როგორ მიაყენა ჭრილობები და ა.შ. რა საკვირველია, გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის მიწოდებულ ინფორმაციას ვერ და არ გამოვიყენებთ, რადგან თავად ბრალდებულმა უნდა განაცხადოს თანხმობა, ჩვენ მას მომდევნო სასამართლო პროცესზე დავკითხავთ, თუ სურვილი ექნება, რომ სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდოს“ , - განაცხადა ვეფხვაძემ.

შემდეგ სასამართლო პროცესზე ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს დაკითხავენ, თუ რა თქმა უნდა, მან კვლავ დუმილის უფლება არ გამოიყენა. ასევე, შემდეგ სასამართლო სხდომაზე გამოიკვლევენ ბრალდებულისა და დაზარალებულის სატელეფონო მიმოწერებს. ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოსტი ნახა: 72


გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!