რა ქონებას ფლობს ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც დააკავეს

რა ქონებას ფლობს ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც დააკავეს

6 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 377

ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, გაბუნია საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმის ფარგლებში დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ამავე საქმის ფარგლებში უკვე დაკავებულია შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები. ამასთანავე, დაკავებულები იყვნენ, მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.

„გამოძიების მასალების მიხედვით, „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში, ფონდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. დასახელებულმა პირებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კობა გაბუნიას დავალებით სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს“, - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონება ფლობს დაკავებული კობა გაბუნია. აღსანიშნავია, რომ გაბუნიამ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის ივნისში შეავსო.

ამავე დეკლარაციის თანახმად, კობა გაბუნიას საკუთრებაშია თბილისში 2022 წელს 2 000 დოლარად შეძენილი ავტოფარეხი. ამავე წელს გაბუნიამ თბილისში 69 კვ.მ ბინა 60 000 დოლარად შეიძინა. გარდა ამისა, მისივე საკუთრებაშია 2011 წელს 30 000 დოლარად შეძენილი 40.71 კვ.მ ბინა დედაქალაქში. ამასთანავე, მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული ქუთაისში ჩუქებით მიღებული ბინის 50%.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კობა გაბუნიასა და მის ოჯახს არ ჰყავთ რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში გაბუნიას ერთ-ერთი ბანკის ანგარიშზე უფიქსირდებოდა 1 105 ლარი. მისი მეუღლეს კი სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე ჯამში 1 299 ლარი ჰქონდა.

ამასთანავე, 2024 წელს გაბუნიამ მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობისთვის ხელფასის სახით 93 031 ლარი აიღო. ამავე პერიოდში მისი მეუღლე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის უფროსი თანაშემწედ იყო დასაქმებული, სადაც 14 403 ლარი აიღო, ამავე კომისიაში გაბუნიას მეუღლე მუშაობდა საზოგადოებრივი დამცველის პოსტზე, რაშიც 48 833 ლარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ კობა გაბუნიას უფიქსირდება 20-წლიანი იპოთეკური სესხი 200 ათასი ლარის ოდენობით, რაშიც გასავალი 2024 წელს 25 303 ლარი ჰქონდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე