აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე ჩინეთმა და ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს.
„როიტერის“ ცნობით, ინდოეთისა და ჩინეთის გადაწყვეტილებით, რუსული ნავთობის შესყიდვა დროებით შეჩერდება, რადგანაც აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო გაზრდილია იმ ტანკერების მომსახურების ხარჯები, რომლებსაც შეზღუდვები არ ეხებათ.
მათი თქმით, წყნარი ოკეანის პორტ კოზმინოდან ექსპორტირებული რუსული ნედლი ნავთობის, ESPO-ს ფასი, ICE Brent-თან შედარებით, ბარელზე 3-5 დოლარით გაიზარდა.
ცნობისთვის, 10 იანვარს აშშ-მა დაამტკიცა სანქციების ყველაზე ფართო პაკეტი, რომელმაც გავლენა მოახდინა რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე. შეზღუდვები შეეხო რუსეთის ოთხი უმსხვილესი ნავთობკომპანიიდან ორს – „გაზპრომ ნეფტსა“ და „სურგუტნეფტეგაზს“ და 180-ზე მეტ ტანკერს, რომლებიც ჩართულები არიან რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვაში დასავლური ქვეყნების სანქციების გვერდის ავლით. ამ შეზღუდვებმა გამოიწვია ტანკერებით ტვირთის გადაზიდვის ღირებულების ზრდა, რადგანაც ზოგიერთმა მყიდველმა და პორტებმა ჩინეთსა და ინდოეთში უარი თქვეს სანქცირებული გემების მიღებაზე.
2024 წელს რუსული ნავთობი ინდოეთის იმპორტის 36%-ს და ჩინეთის იმპორტის თითქმის მეხუთედს შეადგენდა.
„როიტერის“ მიხედვით, რუსეთიდან ჩინეთში ნედლი ნავთობის იმპორტი გასულ კვირას ექვსთვიან მინიმუმამდე დაეცა და დღეში 717 ათას ბარელი შეადგინა. რაც შეეხება ინდოეთს, რუსული ნედლი ნავთობის მიწოდების შეფერხება დღეში 450 ათას ბარელამდე აღწევს.