„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - „ჯგუფური ძალადობის“ საქმეებზე 19 პირის მიმართ, ჯგუფური ძალადობის ბრალის დამტკიცება ივანიშვილის პროკურატურამ ვერ შეძლო - მთლიანობაში, სასამართლო განაჩენები უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - „ჯგუფური ძალადობის“ საქმეებზე 19 პირის მიმართ, ჯგუფური ძალადობის ბრალის დამტკიცება ივანიშვილის პროკურატურამ ვერ შეძლო - მთლიანობაში, სასამართლო განაჩენები უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია

54 წუთის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 86

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის სამოქალაქო პროტესტთან დაკავშირებულ ე.წ. „ჯგუფური ძალადობის“ საქმეებში დაკავებული 19 პირის მიმართ, ხელოვნურად შექმნილი ჯგუფური ძალადობის ბრალის დამტკიცება ივანიშვილის პროკურატურამ ივანიშვილისვე მორჩილი სასამართლოს წინაშეც კი ვერ შეძლო, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ ე.წ. ჯგუფური ძალადობის საქმეების შეფასებაშია აღნიშნულიი.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „ამ საქმეებში ყველა სახელმწიფო ორგანო - შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სასამართლო შეთანხმებულად, წინასწარ დაწერილი სცენარით მოქმედებდა, რათა შეესრულებინათ ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა მშვიდობიანი, პროევროპული პროტესტის მონაწილეების სამაგალითოდ დასასჯელად“.

„2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის სამოქალაქო პროტესტთან დაკავშირებულ ე.წ. „ჯგუფური ძალადობის“ საქმეებში ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის და ინსაფ ალიევის, აგრეთვე, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, ანდრო ჭიჭინაძის, გურამ მირცხულავას, ონისე ცხადაძის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის მიმართ ხელოვნურად შექმნილი ჯგუფური ძალადობის ბრალის დამტკიცება ივანიშვილის პროკურატურამ ივანიშვილისვე მორჩილი სასამართლოს წინაშეც კი ვერ შეძლო. როგორც არ ეცადნენ პროკურორები ათეულობით დაზარალებულად ცნობილი პოლიციელებისა და ჯამში დაახლოებით 2 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონებისთვის მიყენებული ზიანის პროევროპული მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებისათვის დაბრალებას, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მიერ ფართომასშტაბიან კორუფციაში ჩართულობის გამო სანქცირებული მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანურმა სასამართლომაც კი ვერ დაინახა რაიმე, თუნდაც იოტისოდენა მიზეზობრივი კავშირი მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებასა და ზიანს შორის, რომელზეც ჩიოდნენ სასამართლოში მიყვანილი პოლიციელები და ბრალდების სხვა მოწმეები. თუმცა, სასამართლოებმა დემონსტრანტებისთვის უსაფუძვლოდ დაბრალებული ქმედების ჯგუფურ ძალადობად კვალიფიკაციაზე უარი კი თქვეს, მაგრამ ბრალდებულები დამნაშავედ მაინც სცნეს, ოღონდ ისეთი „ჯგუფური მოქმედების“ ორგანიზების ან მასში აქტიური მონაწილეობის გამო, რომელიც „უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან“. შესაბამისად, რეჟიმის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული მომავლის საბოტაჟის წინააღმდეგ სამოქალაქო პროტესტის მეტწილად სრულიად ახალგაზრდა მონაწილეები 6-დან 9 წლამდე ან 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას კი გადაურჩნენ, მაგრამ შეცვლილი კვალიფიკაციით სამი მათგანი 2.5 წლით, ხოლო დანარჩენები 2 წლით მაინც იქნენ საპატიმრო დაწესებულებაში გამომწყვდეული.

დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ როგორც სამოქალაქო პროტესტის სხვა მონაწილეთა საქმეებში, ამ შემთხვევაშიც მართლმსაჯულება არ აღსრულებულა. აღსრულდა მხოლოდ რეჟიმის პოლიტიკური დაკვეთა, რომლის მიზანი იყო პროტესტის მონაწილეების საპატიმრო სასჯელით დასჯა ნებისმიერი გამოგონილი საფუძვლით, რომელიც მორჩილმა სასამართლომ შეასრულა მოსამართლეებმა მჭედლიშვილმა და გალუსტაშვილმა, რომლებმაც გამამტყუნებელი განაჩენები გამოუტანეს პროტესტის მონაწილეებს, თავი წარმოაჩინეს არა როგორც დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა მოსამართლეებმა, რომლებიც მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს უნდა ემორჩილებოდნენ, არამედ როგორც პარტიულ-პოლიტიკურმა მოსამართლეებმა, რომლებმაც ივანიშვილის “ქართული ოცნების” ნება აღასრულეს, რითაც ძირი გამოუთხარეს კანონის უზენაესობის პრინციპს.

ამრიგად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის სამოქალაქო პროტესტების ორ საქმეზე ზვიად ცეცხლაძე, ანდრო ჭიჭინაძე და სხვა პირები „ჯგუფური ძალადობის“ ბრალდებით იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული; თუმცა პროკურატურამ სასამართლოს წინაშეც ბრალის დამამტკიცებელი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. სასამართლოებმა ვერ დაადგინეს მიზეზობრივი კავშირი პროტესტის მონაწილეების ქმედებებსა და პოლიციელების ჯანმრთელობისთვის ან სახელმწიფო ქონებისთვის მიყენებულ ზიანს შორის. სასამართლომ ბრალდებულებისთვის თავდაპირველად წარდგენილი ჯგუფური ძალადობის კვალიფიკაცია შეცვალა და ბრალდებულებს მსჯავრი დასდო სსკ-ის 226-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ჯგუფური მოქმედებისთვის“, რომელიც „უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან“. სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის ეტაპზე თავდაპირველი კვალიფიკაციის შეცვლა წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილ „სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან“, რადგან ბრალდებულებს არ ჰქონიათ შესაძლებლობა, თავი დაეცათ შეცვლილი ბრალდების მიმართ.

სასამართლო განაჩენები დაუსაბუთებელი იყო, რადგან ისინი საეჭვო, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებზე იყო დაფუძნებული. სასამართლო დაეყრდნო თვითონ შსს-ს თანამშრომლების მიერ კანონის გვერდის ავლით გადაღებულ ვიდეოჩანაწერებს, რომლებსაც ნებისმიერი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნევდა.

სსკ-ის 226-ე მუხლი დანაშაულად აცხადებს „ჯგუფურ მოქმედებას“. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ჯგუფური მოქმედების დასამტკიცებლად საჭიროა მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებს მონაწილეთა წინასწარ შეთანხმებას ან ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებას. ასეთი მტკიცებულებები მოცემულ საქმეებში არ არის წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობდა.

ამ საქმეში ყველა სახელმწიფო ორგანო - შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სასამართლო შეთანხმებულად, წინასწარ დაწერილი სცენარით მოქმედებდა, რათა შეესრულებინათ ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა მშვიდობიანი, პროევროპული პროტესტის მონაწილეების სამაგალითოდ დასასჯელად. ამაში მათ მხარს უბამდა პროსახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიაც.

მთლიანობაში, სასამართლო განაჩენები უკანონო, დაუსაბუთებელი, უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებულია. როგორც სამოქალაქო პროტესტის სხვა მონაწილეთა საქმეებში, ამ შემთხვევაშიც მართლმსაჯულება არ აღსრულებულა. აღსრულდა მხოლოდ რეჟიმის პოლიტიკური დაკვეთა, რომლის მიზანი იყო პროტესტის მონაწილეების საპატიმრო სასჯელით დასჯა ნებისმიერი გამოგონილი საფუძვლით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე