2025 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მათივე ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.8 პროცენტით განისაზღვრა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ფასები გაიზარდა 1.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.14 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.7 პროცენტი).
ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.4 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა.
აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3.1 პროცენტი), თევზეული (1.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-10.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-0.6 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.05 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასები გაიზარდა ალკოჰოლურ სასმელებზე (1.5 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.09 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-2.1 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-1.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაც შეეხება წლიურ ინფლაქციას, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.35 პროცენტული პუნქტით აისახა.
„ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (15.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (14.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11.8 პროცენტი), თევზეული (10.8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.2 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.78 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10.8 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.2 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (7.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (5.5 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (4.0 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.31 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (0.5 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.3 პროცენტი)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.