საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის II კვარტალში 580.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 12.0 %-ით ნაკლებია.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კლება განპირობებულია რეინვესტიციისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.
„2025 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალმა 123.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.3 %-ია. რეინვესტიციამ 466.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 80.4 %-ით განისაზღვრა. 2025 წლის II კვარტალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 242.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.8 %-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება თურქეთი - 54.0 მლნ. აშშ დოლარით (9.3 %), ხოლო მესამეზე ჩეხეთი - 38.3 მლნ. აშშ დოლარით (6.6 %). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 57.7 %-ს შეადგენს.
2025 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 327.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 56.4 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი - 66.4 მლნ. აშშ დოლარით (11.4 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 54.4 მლნ. აშშ დოლარით (9.4 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 77.2 პროცენტი შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.