სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი ორშაბათს, 23 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება.
სხდომაზე მიქაუტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ადვოკატის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. უწყების ცნობით, მიქაუტაძე თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად. ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ კი ის მათგან ენერგოკომპანიებში (ჰესებში) საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული.
უწყების ცნობითვე, მიქაუტაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, სამსახურებრივ უფლებამოსილებას სისტემატურად ბოროტად იყენებდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
სუს-ის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად მიქაუტაძის ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა შესაბამის თანამდებობებზე მისი განწესების შემდეგ მილიონობით ლარით გაიზარდა.
უწყების ცნობით, გამოვლენილია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე საცხოვრებელი ბინის ზემოაღნიშნული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით 600 000 ევროდ შეძენის ფაქტი. ამასთანავე, მან, მის მიერ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, მილიონ ლარამდე ღირებულების მქონე 2 ერთეული ავტომობილი მისი და თავისი ოჯახის წევრის ნდობით აღჭურვილ პირებზე გააფორმა.
სუს-ის განმარტებით, გამოძიების პროცესში კიდევ უფრო დაზუსტდება როგორც მიქაუტაძის მიერ შემოსავლების უკანონო გზებით მიღების გარემოებები, ისე ამ შემოსავლების ლეგალიზაციის ეპიზოდები.
ცნობისთვის, რომეო მიქაუტაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, პირველი მოადგილე კი 2022 წლის 30 დეკემბრიდან გახდა. ის ამ პოსტს 2024 წლის 11 თებერვლამდე იკავებდა.