სასამართლომ გივი თარგამაძეს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

სასამართლომ გივი თარგამაძეს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

11 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სხდომას ესწრებოდა გივი თარგამაძეც.

პროკურორის განმარტებით, გივი თარგამაძემ არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, რაც გულისხმობს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას. ამასთან, პროკურორის თქმით, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხეც, რადგან თარგამაძის მხრიდან „ხშირად ფიქსირდება საზღვრის კვეთა და მას კავშირები აქვს საზღვარგარეთ“. მისვე თქმით, თავისუფლების აღკვეთის შიში შესაძლოა, იყოს მიმალვის საფრთხე.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, გივი თარგამაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე საფუძველს მოკლებულია, რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, გივი თარგამაძეს საზღვრის აქტიური კვეთა საერთოდ არ აქვს, რადგანაც 2012 წლიდან საქართველოდან სულ რამდენჯერმე გავიდა, ამიტომ გივი თარგამაძეს მიმალვის მოტივაცია არ გააჩნია. რაც შეეხება დროებით საგამოძიებო კომისიაზე არმისვლას, ადვოკატის თქმით, გივი თარგამაძე კომისიაზე პრინციპულად არ გამოცხადდა. ადვოკატმა გირაოს ოდენობის ნაწილში სასამართლოს შესთავაზა, რომ გირაოს მინიმალური ოდენობა გამოეყენებინა. ადვოკატის თქმით, თარგამაძეს ამ ოდენობის გირაოს გადახდის შესაძლებლობა არ აქვს და იმის გადახდაც კი, რასაც სასამართლო შეუფარდებს, მეგობრებმა უნდა უზრუნველყონ.

„10 000 ლარი დღეს კურსის გათვალისწინებით დიდი ფული აღარ არის საქართველოში, მაგრამ უმუშევარი ადამიანისთვის ეს შეიძლება დიდი ტვირთიც იყოს. სახლი, რომელშიც გივი თარგამაძე ცხოვრობს, დღემდე დარეგისტრირებული არ არის და ამიტომ ის სახლს გირაოს უზრუნველყოფისთვის ვერ გამოიყენებს“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

გირაოს უზრუნველყოფილს ნაწილში სხდომაზე მცირე განმარტება გააკეთა გივი თარგამაძემაც.

„მთლიანად შემოსავალი ოჯახში გვაქვს 1000 ლარი პენსია, როგორც ყოფილი პარლამენტარის“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.

შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე 3 აპრილს დაიბარეს, თუმცა მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა. კომისია გივი თარგამაძისგან ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვდა 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ პოლიტიკოსს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

პოსტი ნახა: 268


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე