დღეს, დილის საათებიდან მოქალაქეები სოციალურ ქსელში ვაკის რაიონში ავტომობილების შეფერხებული მოძრაობის შესახებ წერენ.
მათი ცნობით, საცობია ბაგებისა და უნივერსიტეტის დამაკავშირებელ ხიდზე, ასევე ავტომობილების მოძრაობა შეფერხებულია წყნეთის გზატკეცილზეც.
„უბედურება გვჭირს, საშინელება ხდება, დაახლოებით 1-1.5 საათია საცობში ვართ,“ - წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია რომ ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო არეალი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს, შეზღუდვა კი 22 მაისის 00:00 საათიდან ოთხი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
„სამუშაოების მიმდინარეობის დროს, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთიდან, თამარაშვილის გამზირისა და გიორგი წერეთლის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მარცხნივ მოხვევა შეიზღუდება. მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ პირდაპირ ან მარჯვნივ. გზის აღნიშნულ მონაკვეთში დროებით მოიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაც.
წერეთლის ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება მარჯვენა ორ ზოლში, ხოლო გადაადგილება შესაძლებელი იქნება დარჩენილი თავისუფალი ზოლებით; ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება, როგორც საავტობუსო ზოლში, ისე წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის. აღნიშნული მონაკვეთი დროებით ორმხრივი და ორზოლიანი გახდება.
გარდა ამისა, მოძრაობა აიკრძალება ვაკის სასაფლაოდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. სატრანსპორტო საშუალებებს ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ თამარაშვილის გამზირის, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების ხიდის გავლით. მძღოლები უკუმიმართულებითაც იმავე მარშრუტს გამოიყენებენ,“ - აღნიშნული იყო მერიის ინფორმაციაში.