ჩვენ გვაქვს მტკიცებულება: აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მხრიდან მხილება, რომ უცხო ფული გამოიყენებოდა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის. ამიტომ დაიხურა ყველა ის ორგანიზაცია, მათ შორის USAID-ი, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია თაღლით ორგანიზაციას ეძახის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების პროკურატურაში დაბარებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მათ მტკიცებულებებით იციან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდებოდა რევოლუციური პროცესებისთვის მომზადება.
„ჩვენ გვაქვს მთავარი მტკიცებულება: ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან მხილება, რომ უცხო ფული გამოიყენებოდა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის. ამიტომ დაიხურა ყველა ის ორგანიზაცია, მათ შორის USAID-ი, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია თაღლით ორგანიზაციას ეძახის. ჩვენ მტკიცებულებებით ვიცით, რომ USAID-ის დაფინანსებით Canvas-ის ტრენერების დახმარებით როგორ ატრენინგებდნენ პარლამენტის პიკეტირებაში, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და ა.შ. ანუ, დანამდვილებით ვიცით, რომ ერთი ეტაპი უცხო ფულით, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდებოდა რევოლუციური პროცესებისთვის მომზადება. საქართველოს კონსტიტუციით დაცული არის მშვიდობიანი შეკრება. საქართველოს კონსტიტუციით დაცული არ არის ძალადობრივი შეკრება, თავდასხმა პოლიციაზე, თავდასხმა პარლამენტზე, პარლამენტის დაწვის მცდელობა. ეს არის უკანონო შეკრება. რომელიმემ ხელზე გული დაიდეთ და თქვით, რომ დეკემბერში არ იყო ძალადობრივი აქციები, რომ საქართველოს პარლამენტის ოთახების დაწვა არ იყო ძალადობა, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ არის მშვიდობა და არა ძალადობა, რომ ფოიერვერკების დამიზნებით სროლა ადამიანისთვის არ არის ძალადობა. ვთანხმდებით, რომ ეს იყო ძალადობრივი აქცია. როდესაც არის ძალადობრივი პროტესტი, პოლიცია არათუ უფლებამოსილია, ვალდებულია აღკვეთოს ძალადობრივი აქცია. შესაბამისად, ამის აღსაკვეთად პოლიცია მოუწოდებს: გაჩერდით, ნუ ძალადობთ. მოუწოდა - არ გაჩერდნენ. შემდეგ ეუბნება: დაიშალეთ, ნუ ძალადობთ. არ დაიშალნენ. ამის შემდეგ ეტაპი არის სპეციალური საპოლიციო საშუალებების გამოყენება. მიზანი არის, რომ წყლის ჭავლმა აიძულოს მოძალადე დემონსტრანტი განერიდოს ამ ძალადობის კერას,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განცხადებით, „აღმაშფოთებელია ISFED-ის ხელმძღვანელის აღიარების ფონზე, ნაცვლად იმისა შეესწავლათ, თუ რას მოხმარდა მათი ორგანიზაციების მიერ გაცემული დაფინანსება, აქეთ ქართული მართლმსაჯულების დადანაშაულება“.
„ამ აღჭურვილობის დანიშნულება რა არის? რომ ამ მოძალადემ წინააღმდეგობა გაუწიოს ამ საპოლიციო საშუალებებს, რომ მასზე არ იმოქმედოს წყლის ჭავლმა. წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი თუ სხვა სპეციალური საშუალება გამოიყენება იმისთვის, რომ აღიკვეთოს ძალადობრივი აქცია. როდესაც ეს გამოიყენება, ყველა უნდა გაერიდოს აქციას. მიზანი არის ტერიტორიის დაცლა, სადაც ძალადობა ხდება. ახლა აღმოჩნდა, რომ ევროკავშირის დაფინანსება გამოიყენებოდა იმისთვის, რომ აქციის მონაწილეებისთვის დაერიგებინათ აღჭურვილობა, რომლითაც უფრო მეტად გაუძლებდნენ და არ დაიშლებოდნენ. ეს ISFED-ის ხელმძღვანელმა აღიარა. გამაოგნებელია, რომ ამ მხილებების ფონზე, ნაცვლად იმისა, რომ გამოსულიყო ევროკავშირის ელჩი, ან ნებისმიერი ქვეყნის ელჩი, რომელიც აფინანსებს ამ ორგანიზაციებს და ეთქვა: „ეს არის ძალიან დამაფიქრებელი მტკიცებულებები, შევისწავლით, რამდენად იყო გამოყენებული ჩვენი გრანტი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აღჭურვილობის შეძენისა და დარიგებისთვის“, ვისმენთ ბრალდებებს ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ. ეს არის ძალიან აღმაშფოთებელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.