26 მაისს მათი ქცევა დონორებისა და უცხოელების მიერ მიცემული სიგნალებით იქნება განპირობებული. თუ რაიმე პროვოკაცია ან ძალადობა იქნება, როგორიც 9 აპრილს ვიხილეთ, პასუხისმგებლობა სრულად დონორებსა და ზოგიერთ ელჩზე იქნება, რომლებიც მოძალადეებს ხელს ართმევენ და სალონურ საუბრებში არიან შესულები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, 26 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, რომლებიც ადამიანებს „ფარად იფარებენ, ძალადობისკენ აქეზებენ, შემდეგ კი რაღაც ღირებულებებზე და ქართველი ხალხის ინტერესებზე საუბრობენ”.
“ის, რომ 26 მაისს, რამდენიმე რადიკალი ევროპარლამენტარი ჩამოდის, მაგალითად, რასა იუკნებიჩიანე, რომელიც ბოლო პერიოდში ფაშისტური განცხადებებით არის გამორჩეული, მიუთითებს, რომ არანაირი ოპოზიცია და არანაირი NGO-ები არ არსებობენ. 26 მაისს მათი ქცევა დონორებისა და უცხოელების მიერ მიცემული სიგნალებით იქნება განპირობებული. ასე რომ, თუ კი რაიმე პროვოკაცია ან ძალადობა იქნება, როგორიც 9 აპრილს ვიხილეთ, პასუხისმგებლობა სრულად დონორებსა და ზოგიერთ ელჩზე იქნება, რომლებიც მოძალადეებს ხელს ართმევენ და ექსტრემისტებთან და მოძალადეებთან სალონურ საუბრებში არიან შესულები.
პასუხისმგებლობა კი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, ვერავინ გაექცევა ამას, როცა ადამიანებს ფარად იფარებენ, ძალადობისკენ აქეზებენ, შემდეგ რაღაც ღირებულებებზე და ქართველი ხალხის ინტერესებზე აღარ შეიძლება. კიდევ ერთხელ, 9 აპრილს რამდენიმე NGO-მ, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დაგეგმეს და ძალადობა განახორციელეს, ორგანიზატორი „საფარი“ იყო. იქ მისულ ადამიანებზე, რომლებსაც პიედესტალთან მისვლა უნდოდათ, იძალადეს, გადაადგილების უფლება არ მისცეს, ვერბალურად ძალადობდნენ, მათ შორის 9 აპრილის მონაწილეებზე. ამას კი მათი დონორები და შვედეთის ელჩი უყურებდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამფინანსებელია - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ და დღემდე NGO-ების ამ სამარცხვინო ქმედებას არ გამიჯვნია. ერთიანობის დღე ძალადობის აქტად აქციეს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ასევე, შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტარებს, რომლებიც 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ, იმის უფლება არ აქვთ, რომ ქვეყანაში „სიტუაცია არიონ“, თუმცა კითხვაზე, გააძევებენ თუ არა მათ ქვეყნიდან, პასუხობს - „არა!“
„არა! ასე არ არის, ჩახვიდე ქვეყანაში და სიტუაცია არიო, ამის უფლება არავის აქვს, ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. დღეს, როცა რუსეთზე საუბრობენ, რას ედავებიან? წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევას და თავად რას აკეთებენ? ვამხელთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.