პარლამენტის პრეროგატივას არ წარმოადგენს სისხლის სამართლებრივი დევნა. მაშინ გიპასუხებთ ისე, როგორც ტრამპი პასუხობს ხოლმე ასეთ სპეკულაციურ კითხვებს - შესაძლებელია თუ არა, რომ ბომბი დაგეცეს თავზე, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ დაჭერები გაგრძელდეს?
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გაცხადებული პოლიტიკა, მათ შორის არის კორუფციასთან ბრძოლა.
„ვერ გეტყვით, პარლამენტის პრეროგატივა არ გახლავთ ვინმეს დაკავება, სისხლის სამართლებრივი დევნა. მთავარი არის გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც აქვს ირაკლი კობახიძეს მისი პრემიერ-მინისტრად არჩევის დღიდან და გაცხადებული პოლიტიკა არის, როგორც ნარკორეალიზაციის წინააღმდეგ ისე, კორუფციასთან ბრძოლა, შესაბამისად, ამ საკითხს რაც დასჭირდება, ისე მიჰყვებიან სამართალდამცველი ორგანოები.
კიდევ ერთხელ, პარლამენტის პრეროგატივას არ წარმოადგენს სისხლის სამართლებრივი დევნა. მაშინ, გიპასუხებთ ისე, როგორც ტრამპი პასუხობს ხოლმე ასეთ სპეკულაციურ კითხვებს, რომ შესაძლებელია თუ არა, რომ ბომბი დაგეცეს თავზე. ასეთი დონის კითხვაა. ტრამპი, პასუხობს ხოლმე ზუსტად ასე, თქვენი კოლეგა, ნიუსებს რომ ეძახის ხოლმე, „ფეიკ მედიის“ კითხვებს, რომ შეიძლება თუ არა, ბომბი დაგეცეს თავზე?“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ასევე უპასუხა მედიის კითხვას, იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები მთავრობაში, კერძოდ თავდაცვის მოქმედი მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის საგარეო საქმეთა მინისტრად გადაყვანა და თავდაცვის მინისტრად სამეგრელო -ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გურამ ზესაშვილის დანიშვნა.
„ჭორები იმისთვის არის, რომ გავრცელდეს და გონი იმისთვის არის,რომ ჭორებს არ აჰყვეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.