ბელგიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორშაბათს, 12 მაისს, შოტლანდიაში მიმდინარე სამხედრო წვრთნების დროს, თხუთმეტი ბელგიელი ჯარისკაცი დაშავდა, ხოლო ათეულობით მებრძოლს სმენა დაუზიანდა. სამი სამხედრო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმე სამინისტროს არ შეუფასებია.
სამ დაშავებულ ჯარისკაცს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ისინი რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. „მათგან ორი მძიმედ არის დაშავებული, თუმცა ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია. ერთ ჯარისკაცს ოპერაცია შოტლანდიაში ჩაუტარდება, შემდეგ კი ბელგიაში გადმოიყვანენ“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ 12 მაისის 22:30 საათისთვის გავრცელებულ განცხადებაში.
დაწყებულია გამოძიება ინციდენტის ზუსტი გარემოებების დასადგენად, რომელიც, თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „გეგმიური წვრთნების დროს მოხდა“. სწავლება სახელწოდებით, „წითელი კონდორი“, პარაშუტისტთა მე-3 ბატალიონის ოპერატიული მომზადების ნაწილია და მიზნად ისახავს მისი, როგორც „სპეციალური ოპერაციების სახმელეთო დავალებათა ჯგუფის“ (SOLTG) სერტიფიცირებას.
დაშავებული ჯარისკაცების ოჯახები მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან. „ისინი წვრთნებს გადიოდნენ და რაღაც არასწორად გაკეთდა, - დაწერა ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, თეო ფრანკენმა „იქს“ პლატფორმაზე, - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კარგად მოვამზადოთ, კარგად გავწვრთნათ და მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი პერსონალი, მაგრამ ზოგჯერ ხდება, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილია“.
მინისტრმა სამხედროებსა და მათ ოჯახებს გამძლეობა და ჯანმრთელობა უსურვა. „ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას“, - აღნიშნა მან.
მე-3 საპარაშუტო ბატალიონის სამ დაჭრილ სამხედროს „სწრაფი გამოჯანმრთელება“ პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმაც უსურვა. „ჩემი ფიქრები მათ ახლობლებთანაა“, - დასძინა ბელგიის მთავრობის მეთაურმა.