შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ინციდენტი შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რა დროსაც ბრალდებული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო, შელაპარაკების შემდეგ კი მან დაზარალებულს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი შ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ბრალდებულს და 1991 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შ.კ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა ზ.ა.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა შ.კ. მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.