სლოვაკეთი იმედოვნებს, რომ უკრაინის გავლით რუსულ გაზს ისევ მიიღებს

სლოვაკეთი იმედოვნებს, რომ უკრაინის გავლით რუსულ გაზს ისევ მიიღებს

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აწარმოებს „ძალიან ინტენსიურ“ მოლაპარაკებებს, რათა 2025 წელს უკრაინაზე გავლით რუსული გაზის ტრანზიტი გაგრძელდეს.

ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ იუწყება.

მან დასავლეთი გაზის ტრანზიტზე ზეწოლაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სლოვაკეთი „ვერ ხედავს მიზეზს, გეოპოლიტიკური მიზეზების გამო რატომ უნდა გადაიხადოს ბუნებრივ აირში იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა“.

მილსადენებით გაზის მიწოდების შესახებ უკრაინასა და რუსეთს შორის გაფორმებული კონტრაქტის ვადა 2025 წლის 1 იანვარს იწურება. უკრაინამ განაცხადა, რომ მის განახლებას არ გეგმავს.

ევროპამ უკვე გადადგა ნაბიჯები ტრანზიტის შეჩერების მოსამზადებლად. რუსული გაზის წილი ევროპაში 6%-მდე შემცირდა, ხოლო უკრაინის გავლით ტრანზიტული რუსული გაზის წილი - 4 პროცენტამდე. ყველაზე დაუცველად ავსტრია და სლოვაკეთი მიიჩნევიან, რომლებმაც გასულ წელს გაზის 90%-ზე მეტი რუსეთისგან შეიძინეს.

ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, დენ იორგენსენმა, რომელმაც ეს თანამდებობა დეკემბრის დასაწყისში დაიკავა, განაცხადა, რომ ევროკავშირი კონტრაქტის გასაწყვეტად ემზადება. „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავარი ამოცანა „ევროკავშირსა და რუსეთს შორის ენერგეტიკული კავშირების სრულად გაწყვეტაა“.

ავსტრიულმა კომპანია OMV-მა, „გაზპრომის“ მხრიდან დარღვევების გამო, გასულ კვირას მასთან გრძელვადიანი კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ გაავრცელა განცხადება. 16 ნოემბერს „გაზპრომმა“ OMV-ს გაზის მიწოდება შეუჩერა.

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში, მაიკლ მაკფოლმა OMV-ის გადაწყვეტილებას „უზარმაზარი პოზიტივი“ უწოდა. X ქსელში გამოქვეყნებულ თავის პოსტში მან დაამატა: „რუსეთს პრობლემები აქვს“.

თავის მხრივ, ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა დაწერა: „ჩვენ ვერ დაგვაშანტაჟებენ“. მან ასევე დასძინა: „ავსტრია კარგად მოემზადა. ჩვენ გავზარდეთ გაზის მარაგი და ვიპოვეთ ალტერნატიული მომწოდებლები“.

რუსეთიდან გაზის მიწოდების საკითხში შექმნილი მდგომარეობის გამო, მოლდოვას პარლამენტმა პარასკევს მხარი დაუჭირა 16 დეკემბრიდან ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას.

ამ შემთხვევაში, საქმე ეხება დნესტრისპირეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს.

მოლდოვას პრემიერ-მინისტი, დორინ რეჩანი ამბობს, რომ მის ქვეყანას „განსაკუთრებული სიტუაცია“ შეექმნა, როდესაც მოსკოვს შეუძლია, ენერგომატარებლები ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს და „შუა ზამთარში ხალხი სითბოსა და ელექტროენერგიის გარეშე“ დატოვოს.

ბრიტანული ICIS ცენტრის მკვლევარი, აურა საბადუსი სოციალურ ქსელში განმარტავს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონტრაქტი 2025 წლის 1 იანვარს იწურება, მაგრამ დნესტრისპირეთი გაზს რუსეთთან კონტრაქტით იღებს, რომელიც 2026 წლამდე მოქმედებს. თუ უკრაინაში გაზს არ გაუშვებს, ხელშეკრულების თანახმად, „გაზპრომმა“ ალტერნატიული მარშრუტით - თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით, თუმცა უფრო მაღალ ფასად, - მაინც უნდა უზრუნველყოს მოლდოვასთვის გაზის მიწოდება.

პოსტი ნახა: 48


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!