ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში შუახნის კაცს თავს დათვი დაესხა. დაშავებული ნინოწმინდის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა რადიო NOR–ი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, კაცი ცხვრებს ტყესთან მწყემსავდა, როცა მათ დათვი თავს დაესხა. მწყემსმა პირუტყვის გადარჩენის მიზნით დათვის დაფრთხობა სცადა, თუმცა ცხოველმა მასაც უკბინა.
მომხდარიდან მალევე დაშავებული ნინოწმინდის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაუტარდა. იგი კლინიკიდან უკვე გაწერეს.
მოსახლეობა წუხს მომხდარის გამო და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევა ფატალურად არ დასრულდეს.
რადიო NOR–ის ინფორმაციით, გასული დღეების განმავლობაში, ჯავახეთში, დასახლებულ ტერიტორიებთან არაერთხელ შენიშნეს დათვი, მათ შორის ქალაქ ნინოწმინდაში, ეფრემოვკაში, სპასოვკაში, კათნატუში, ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში.
ცნობისთვის, დათვის მოკვლა გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო სამართალდარღვევას წარმოადგენს და 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმით ისჯება. ასევე, უკანონო ნადირობა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
გარდა აღნიშნულისა, ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალში ან სხვა დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ნადირობა მთლიანად აკრძალულია, ანდა მექანიკური სატრანსპორტო ან მასობრივი განადგურების საშუალებით, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ან უმწეო მდგომარეობაში მყოფ ნადირ-ფრინველზე, აგრეთვე საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
„ჯავახეთის დაცული ტერიტორიების“ ადმინისტრაციის დირექტორის, თამაზ კარაპეტიანის განმარტებით, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა პრობლემის თაობაზე შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, რომელიც უფლებამოსილია მის მოგვარებაზე. რადიო NOR–ის ინფორმაციით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულ განცხადებას უკვე ამზადებს.