შევთანხმდით მაჟორიტარ კანდიდატებზე, რომლებიც წარდგენილები იქნებიან უახლოეს დღეებში, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა ჟურნალისტებთან „გახარია საქართველოსთვის“ და “ლელო-ძლიერი საქართველოს” შორის გამართულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ტატა ხვედელიანმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრით ურთიერთთანამშრომლობის მეორე ეტაპი დაიწყო.
„ეს შეხვედრა ითვალისწინებდა ქალაქებში და კერძოდ, თბილისში სამაჟორიტარო ოლქებში კანდიდატების წარდგენის მიმართულებას. დღეს სამუშაო შეხვედრა გვაქვს. ჩვენ შევთანხმდით მაჟორიტარ კანდიდატებზე, რომლებიც წარდგენილები იქნებიან უახლოეს დღეებში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ურთიერთთანამშრომლობა, რათა საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ, შევცვალოთ ჩვენს ქალაქში არსებული მდგომარეობა“,- აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.
როგორც ტატა ხვედელიანმა აღნიშნა, წინასაარჩევნოდ ვხედავთ ღონისძიებებს და გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც შეიძლება მოსყიდვად ჩაითვალოს.
„რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ მხრიდან ვხედავთ, რომ ის მკაცრად და მწვავედ არღვევს იმ სტანდარტებს, რაც არის. წინასაარჩევნოდ ვხედავთ ღონისძიებებს და გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც შეიძლება მოსყიდვად ჩაითვალოს. ეს საკითხიც, განსჯის საგანია. „ქართული ოცნებისთვის“ სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება პრიორიტეტი არ არის, ეს ჩანს მათი გადადგმული ნაბიჯებიდან“,- აღნიშნავს ტატა ხვედელიანი.