ტელეკომპანია "თრიალეთმა" პროკურატურას მიმართა - საჯარო რეესტრის შესაძლო დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით.

ტელეკომპანია "თრიალეთმა" პროკურატურას მიმართა - საჯარო რეესტრის შესაძლო დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით.

პოსტი ნახა: 169

საქართველოს გენერალურ პროკურორს, ბატონ გიორგი გვარაკიძეს

შპს "ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი"

განცხადება  შესაძლო დანაშაულის ნიშნების შესახებ

მოგმართავთ ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" და გთხოვთ შეისწავლოთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც, ჩვენი შეფასებით, შესაძლოა შეიცავდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დოკუმენტის შინაარსის არასწორი ინტერპრეტაციით მიზანმიმართული ზიანის მიყენების ნიშნებს.

2026 წლის 8 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება № B26356925/3, რომლითაც შეჩერდა შპს ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" სარეგისტრაციო წარმოება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საჯარო რეესტრი მიუთითებს, თითქოს მოქმედი წესდების მიხედვით, პარტნიორის მიერ წილის გასხვისებისთვის აუცილებელია "პარტნიორთა თანხმობა", რის საფუძველზეც მოითხოვა პარტნიორთა 100%-იანი თანხმობა.

თუმცა, რეალურად, რეგისტრირებულ წესდებაში წერია სრულიად სხვა ჩანაწერი -

"პარტნიორის მიერ წილის გასხვისების შემთხვევაში აუცილებელია საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება."

სიტყვა "გადაწყვეტილების" "თანხმობად" წარმოჩენა არსებითად ცვლის ნორმის სამართლებრივ შინაარსს, რადგან:

·         "პარტნიორთა გადაწყვეტილება" ნიშნავს პარტნიორთა კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას;

·         ხოლო "თანხმობა" რეესტრმა განმარტა, როგორც ყველა პარტნიორის ინდივიდუალური, 100%-იანი თანხმობა.

შესაბამისად, საჯარო რეესტრმა ფაქტობრივად შეცვალა წესდების შინაარსი და სწორედ ამ შეცვლილი ინტერპრეტაციის საფუძველზე დაბლოკა "თრიალეთის" რეგისტრაციის პროცესი.

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ აღნიშნული მოთხოვნა სრულად ემთხვევა "თრიალეთის" 10%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის - შპს "აქცეპტის" წარმომადგენლების პოზიციას, რის გამოც ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა მიღებული იყოს მესამე პირების გავლენით ან ინტერესების შესაბამისად.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ინტერპრეტაცია რეალურად ქმნის მექანიზმს, რომლითაც ერთ პარტნიორს შეუძლია სრულად დაბლოკოს კომპანიის რეგისტრაცია და საქმიანობა, რაც განსაკუთრებით მძიმე შედეგებს იწვევს დამოუკიდებელი მედიის შემთხვევაში.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას და გამოძიებას, რადგან შესაძლოა იკვეთებოდეს:

·         სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნები;

·         სამსახურებრივი სიყალბის ნიშნები;

·         ან სხვა შესაძლო სამართალდარღვევა.

გთხოვთ:

1.      დაიწყოთ აღნიშნული ფაქტების შესწავლა;

2.      გამოითხოვოთ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების მომზადებასთან დაკავშირებული სრული მასალები;

3.      გამოიკითხონ გადაწყვეტილების მომზადებაში მონაწილე პირები;

4.      შეფასდეს, მოხდა თუ არა წესდების ტექსტის შეგნებული დამახინჯება ან არასწორი ინტერპრეტაცია კონკრეტული შედეგის მისაღწევად.

ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" 36 წელია საქმიანობს საქართველოში და წარმოადგენს ერთ-ერთ დამოუკიდებელ რეგიონულ მედიასაშუალებას. შესაბამისად, ნებისმიერი უკანონო ან მიკერძოებული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიის პარალიზებას, განსაკუთრებულ საზოგადოებრივ მნიშვნელობას ატარებს და საჭიროებს სრულყოფილ სამართლებრივ რეაგირებას.

პატივისცემით, შპს ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი"



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე