„ფედერალისტების“ ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „რეალურად, ისედაც მამუკა მდინარაძე მართავდა“.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სუს-ის ყოფილი უფროსი, ანრი ოხანაშვილი „მდინარაძის კაცი“ იყო.
„რეალურად, ისედაც მდინარაძე იყო სუს-ის უფროსი. ჩვენ ვიცით, რომ ივანიშვილის გარშემო ყულფი დავიწროვდა. შესაბამისად, მას მოუწია ყველაფერი ჩამოეკიდებინა კობახიძეზე, რომელიც რობოტივით და უსიტყვოდ, ეჭვის გარეშე ასრულებს მის დავალებებს. კობახიძე ჩვეულებრივი სოციოპათია, აქედან გამომდინარე, მდინარაძე იყო ის ადამიანი, რომელიც ასეთ საქმეებს ალაგებდა და ოხანაშვილიც იყო მდინარაძის კაცი. როგორც ჩანს, ვერ დაიმორჩილა სისტემა. ადრე ლილუაშვილი მართავდა იმ სისტემას, რომელიც ბიძინასთან პირდაპირ შედიოდა. ახლა კაცის კაცის კაცის კაცი დაინიშნა. ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გზა სწორია, ჩვენი გზა რეჟიმს ასუსტებს და ეს გზა უნდა გაგრძელდეს,“ - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ 23 აგვისტოს განაცხადა, იმავე დღესვე, პრემიერ-მინისტრმა, მის შემცვლელად მამუკა მდინარაძე წარადგინა.