საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ „რამშტაინის ფორმატის“ ონლაინშეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რიგით 30-ე შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანი ჯონ ჰილი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ხელმძღვანელობდნენ. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, დენის შმიგალმა.
უწყების ცნობით, საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს. შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.
„რამშტაინის ფორმატი“, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა, 2025 წლის 13 თებერვლიდან კი მას გაერთიანებული სამეფო გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას.