რუსეთ-უკრაინის ომი საბოლოოდ მოლაპარაკებებით დასრულდება, მოლაპარაკებები გარდაუვალია, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ტელეარხ A Haber-ის ეთერში განაცხადა.
„ვფიქრობ, ეს ომი ყველაზე რთულ მომენტშია, რადგან ორივე მხარე ერთმანეთის სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაზეა ორიენტირებული“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ჰაკან ფიდანის მტკიცებით, ომი ახლა დრონების ომად იქცა, დანაკარგები კი, მისი თქმით, „მართვად ზღვარს გასცდა“.
„ვერავინ ვერსად გადაადგილდება. წინსვლა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც დანაკარგები არ ადარდებს. ომი უნდა დასრულდეს. მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებები გარდაუვალია. ეს შეიძლება მოხდეს თურქეთში, შეიძლება მოხდეს სხვაგან, მაგრამ მჯერა, რომ მშვიდობა აუცილებლად დადგება“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.