წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია ოფიციალურად დაიწყო - რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო პერიოდში

წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია ოფიციალურად დაიწყო - რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო პერიოდში

28-08-2024 06:13
კატეგორიები: Uncategorized

პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან ერთად, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება, წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია ოფიციალურად დაიწყო.

წინასაარჩევნო კამპანია კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება, რა დროიდანაც არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია და საარჩევნო სუბიექტი თანასწორი უფლებებით და თანაბარი ვალდებულებებით სარგებლობს.

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.

პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.

“საარჩევნო კოდექსი“ იმ პირთა წრეს განსაზღვრავს, ვისაც წინასაარჩევნო კამპანიაში/აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალება. კანონის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა შემდეგი პირებისა: - საარჩევნო კომისიის წევრისა; მოსამართლისა; პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელისა; გენერალური აუდიტორისა; სახალხო დამცველისა; უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა; საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა; მარეგულირებელი კომისიების წევრებისა.

გარდა ამისა, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალებათ საჯარო მოსამსახურეებს, სსიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლებს, სკოლამდელი აღზრდის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორებსა და აღმზრდელ-პედაგოგებს სამუშაო საათების განმავლობაში ან როდესაც ისინი უშუალოდ სამსახურებრივ უფლებამოსილებებს ახორციელებენ.

წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ ეზღუდებათ: პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს და მათ მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებს, აგრეთვე, საკრებულოს წევრებს, გამგებლებსა და მერებს, სახელმწიფო რწმუნებულს − გუბერნატორს.

აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში: - აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, სასამართლოები და სამხედრო ნაწილები.

“საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში. მათ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

გარდა ამისა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სახელმწიფო თუ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა აკრძალულია - აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ჩაითვლება.

ასევე, აკრძალულია საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მათი ღირებულების მიუხედავად), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, ასევე, აკრძალულია ფულის ან სხვა მატერიალური ფასეულობის გადაცემის დაპირება.

“საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან საკუთარი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით აკრძალულ საქმიანობას ეწევა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, რეგისტრაცია გაუუქმდება.

წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე თანამდებობის პირებს რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ეკრძალებათ. მათ შორის იკრძალება: - სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა არა აქვთ.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მხრივ იკრძალება სახელმწიფო დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება.

იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მათი სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევაზე, რომელთა დაცვას, კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს.

წინასაარჩევნო პერიოდში, საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე თანამდებობის პირებს ეკრძალებათ: - სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ისეთ საქმიანობაში ჩაბმა, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენასა და არჩევას; სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვება და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა; წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამუშაო საათების განმავლობაში ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.

აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება.

საარჩევნო კანონი ასევე კრძალავს საჯარო მოსამსახურეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლების, სკოლამდელი აღზრდის, განათლების დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, მასწავლებლების და იქ დასაქმებული სხვა პირების სამსახურებრივი ნიშნით შეკრებას.

პოსტი ნახა: 36


გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!