ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ელიას როდრიგესს ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ჩიკაგოში დაბადებულ 30 წლის ელიას როდრიგესს ბრალად ედება პირველი ხარისხის მკვლელობა, უცხოელი ოფიციალური პირების მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღით სროლა, რამაც სიკვდილი გამოიწვია და დანაშაულებრივ ქმედებაში იარაღის გამოყენება.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კაშ პატელმა შემთხვევას „ტერორისტული აქტი“ უწოდა, თუმცა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა.
გამომძიებლებმა ასევე შეისწავლეს ეჭვმიტანილის სავარაუდო პოლიტიკური კავშირები. ის მუშაობდა ჯანდაცვის არაკომერციულ ორგანიზაციაში და, სავარაუდოდ, ადრე ჰქონდა კავშირი მემარცხენე ექსტრემისტულ ჯგუფებთან.
ცნობისთვის, ვაშინგტონის ცენტრში, ებრაულ მუზეუმთან ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, მამაკაცსა და ქალზე თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი ებრაულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებას ტოვებდნენ. პოლიციის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ მამაკაცი „თავისუფლება პალესტინას“ სკანდირებდა.