ვილნიუსში მომხდარი ავიაკატასტროფის წინ განგაშის ნიშნები არ ყოფილა, ამას ადასტურებს აუდიოჩანაწერი

ვილნიუსში მომხდარი ავიაკატასტროფის წინ განგაშის ნიშნები არ ყოფილა, ამას ადასტურებს აუდიოჩანაწერი

26-11-2024 16:59
კატეგორიები: მსოფლიო

ორშაბათს დილით, ვილნიუსში სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, ინტერნეტში პილოტებსა და საჰაერო მოძრაობის მომწესრიგებლებს (დისპეტჩერებს) შორის საუბრის აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა.

საუბარი იყო ჩვეულებრივი, რუტინული და მასში განგაშის არანაირი ნიშანი არ ყოფილა, თუმცა, ამის მიუხედავად, „ბოინგ“ 737-476 (SF)-ის მოდელის თვითმფრინავმა, რომელსაც კომპანია „დი ეიჩ ელ“-ის ესპანელი კონტრაქტორი, Swiftair მართავდა, მოულოდნელად სიმაღლე დაკარგა და ვილნიუსის აეროპორტის მახლობლად, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა. პილოტი დაიღუპა, ეკიპაჟის კიდევ სამი წევრი დაშავდა.

ავიაციის ექსპერტის, ვიდას კაუპელისის თქმით, დისპეტჩერებთან საუბრისას, პილოტებს შეშფოთების და განგაშის ნიშნები არ გამოუვლენიათ.

„დეტალებში არ შევალ, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია დაბეჯითებით, რომ პილოტებს რაიმე საფრთხე ან პრობლემები არ დაუფიქსირებიათ. ეს იყო ჩვეულებრივი კომუნიკაცია, რომელიც თვითმფრინავის დაშვებას ეხებოდა“, - აღნიშნა კაუპელისმა, რომელმაც აუდიოჩანაწერი მოისმინა.

„ის ფაქტი, რომ თვითმფრინავი კომუნიკაციის დასრულებიდან რამდენიმე წამში ჩამოვარდა, იმაზე მეტყველებს, რომ ეს თავად პილოტებისთვისაც მოულოდნელობა უნდა ყოფილიყო. თუ მათ სერიოზული პრობლემები ჰქონდათ, როგორიცაა, მაგალითად, ხანძარი ან ტექნიკური გაუმართაობა, ამის შესახებ დისპეტჩერებს აუცილებლად აცნობებდნენ“, - განაცხადა მან.

კაუპელისის თქმით, პილოტებსა და დისპეტჩერებს შორის ასეთი საუბრები კონფიდენციალური არ არის და როგორც წესი, ვებ-გვერდ liveatc.net-ზეა ხელმისაწვდომი.

ავიაციის ექსპერტის ვარაუდით, ავარიის მიზეზი, შესაძლოა, ტექნიკური პრობლემები ყოფილიყო და ამასთან, ტერაქტის შესაძლებლობაც არ არის გამორიცხული. მისივე აზრით, ბორტზე აფეთქება ან ხანძარი ნაკლებად სავარაუდოა.

„თუ თვითმფრინავში ხანძარი გაჩნდა, პილოტებს ეს უნდა სცოდნოდათ. ისინი [ცეცხლს] ალბათ შეამჩნევდნენ და დისპეტჩერებს როგორმე შეატყობინებდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, სატვირთო განყოფილებაში ხანძარი არ ყოფილა“, - ამბობს კაუპელისი.

ორშაბათს დილით, დაახლოებით 05:30 საათზე, თვითმფრინავი „ბოინგ“ 737-476 (SF), რომელსაც კომპანია „დი ეიჩ ელ“-ის ესპანელი კონტრაქტორი, Swiftair მართავდა და რომელიც ლაიფციგიდან (გერმანია) მოფრინავდა, ვილნიუსის აეროპორტთან ჩამოვარდა.

ლიეტუვას ხელისუფლება ავარიის ყველა შესაძლო ვერსიას იძიებს, მათ შორის - ტექნიკურ და ადამიანურ შეცდომებს, ასევე ტერორისტულ თავდასხმას.

ამ წლის დასაწყისში, ლიუტუვადან „დი ეიჩ ელ“-ის საშუალებით გაგზავნილმა ორმა თვითაალებადმა მექანიზმმა გერმანიის ქალაქ ლაიფციგის ლოჯისტიკურ ცენტრში ხანძარი გამოიწვია.

კომპანია „დი ეიჩ ელ“-ის განცხადებით, მისთვის უცნობია, იყო თუ არა რაიმე მსგავსი საეჭვო ტვირთი თვითმფრინავში, რომელიც ორშაბათს ვილნიუსში ჩამოვარდა.

„ამ ეტაპზე, ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვივარაუდოთ, რომ რაიმე მსგავსი სახის ინციდენტს ჰქონდა ადგილი. სანამ გამოძიება ტარდება, არანაირ კომენტარს არ ვაკეთებთ, რადგან არ გვინდა, სპეკულაციებს შევუწყოთ ხელი“, - განუცხადა საინფორმავიო სააგენტო „ბი ენ ეს“-ს „დი ეიჩ ელ ლიეტუვას“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორმა, აუშრა რუტკაუსკენემ.

პოსტი ნახა: 412


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!