ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ისგან ველოდებით რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს

ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ისგან ველოდებით რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს

1 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 85

უკრაინის პრეზიდენტი ელოდება, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკი გამოეხმაურა ევროკომისიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის შემუშავებას და აღნიშნა, რომ ევროპამ გაითვალისწინა უკრაინის მოთხოვნები ახალ პაკეტზე მუშაობისას.

„ახლა ჩვენ ასევე ველოდებით სანქციებთან დაკავშირებულ მკაცრ ნაბიჯებს შეერთებული შტატებისგან – ევროპა თავის წვლილს აკეთებს”, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ პოლონეთში რუსული უპილოტო საფრენი აპარატებისა და ესტონეთში სამი რუსული საბრძოლო თვითმფრინავის საჰაერო სივრცეში შეჭრა არ არის შემთხვევითი.

„რუსეთი გააგრძელებს აგრესიის, დესტაბილიზაციისა და ჩარევის მცდელობებს, ეს მათი სისტემაა. ამას უნდა დავუპირისპირდეთ ასევე სისტემურად და ერთად“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღო. რიგით მე-19 პაკეტში შევა რუსეთიდან გათხევადებული გაზის იმპორტის აკრძალვა, ასევე სანქციები რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ. საუბარია იმ ხომალდების სიის გაზრდაზე, რომლებითაც რუსული ნავთობი გააქვთ. შეზღუდვები დამატებით 118 ხომალდს დაუწესდება.

ამასთან, აიკრძალება „როსნეფტთან“ და „გაზპრომნეფტთან“ ნებისმიერი სახის გარიგება. სანქციები დაწესდება მათ წინააღმდეგაც, ვინც რუსულ ნავთობს უკვე მოქმედი შეზღუდვების გვერდის ავლით ყიდულობს, მათ შორის ჩინეთის გავლით. გარდა ამისა, აიკრძალება ტრანზაქციები უფრო მეტ რუსულ და მესამე ქვეყნების ბანკებშიც. ასევე, სანქციები დაწესდება დამატებით 45 კომპანიის, როგორ რუსულის, ისე უცხოურის, წინააღმდეგ, რომლებიც პირდაპირ ან ირიბ მხარდაჭერას უწევენ რუსეთის სამხედრო მრეწველობას.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე