უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
„უკვე ვაშინგტონში ვარ. შეხვედრები მაქვს თავდაცვის კომპანიების წარმომადგენლებთან - ძლიერი იარაღის მწარმოებლებთან, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ჩვენი დაცვის გაძლიერება. კერძოდ, განვიხილავთ საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებით მიწოდებას. დღეს ასევე შევხვდები ამერიკული ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს. ახლა, როდესაც რუსეთი ტერორზე დებს ფსონს ჩვენი ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ და ყოველდღიურ დარტყმებს ახორციელებს, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინის მდგრადობის უზრუნველსაყოფად“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, უკრაინა ელის, რომ ტერორისა და ომის შეკავების იმპულსი, რომელიც წარმატებული იყო ახლო აღმოსავლეთში, ხელს შეუწყობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებას.
„ხვალ დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან - და ჩვენ ველით, რომ ტერორისა და ომის შეკავების იმპულსი, რომელიც წარმატებით იქნა მიღწეული ახლო აღმოსავლეთში, ხელს შეუწყობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებას. პუტინი ნამდვილად არ არის უფრო მამაცი, ვიდრე ჰამასი ან სხვა ნებისმიერი ტერორისტი. ძალისა და სამართლიანობის ენა გარდაუვლად იმუშავებს რუსეთის წინააღმდეგაც. უკვე ვხედავთ, რომ მოსკოვი ჩქარობს დიალოგის განახლებას, როგორც კი „ტომაჰავკების“ შესახებ ესმის“, - დაწერა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მშვიდობისა და საიმედოდ გარანტირებული უსაფრთხოების გარდა სხვა ალტერნატივა არ უნდა არსებობდეს - და უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება მალე დაიცვან უკრაინელი ხალხი რუსული დარტყმებისა და თავდასხმებისგან.