რუსებმა სუმის ოლქში რკინიგზის სადგურს დაარტყეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 30 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსებმა სუმის ოლქში, ქალაქ შოსტკას რკინიგზის სადგურს დრონით დაარტყეს.
„ყველა სამაშველო სამსახური ადგილზეა და ადამიანებს ეხმარებიან. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ამ დროისთვის, ცნობილია, სულ მცირე, 30 დაშავებულების შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, დარტყმის დროს ადგილზე, როგორც „უკრზალიზნიცის“ თანამშრომლები, ასევე მგზავრები იმყოფებოდნენ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, „შეუძლებელია რუსებს არ სცოდნოდათ, რომ სამოქალაქო პირებს ურტყამდნენ“.
„ეს ტერორია, რომლის იგნორირებაც მსოფლიოს არ შეუძლია. მათი შეჩერება მხოლოდ ძალის მეშვეობით შეიძლება. მხოლოდ სიტყვები საკმარისი არ არის. ძლიერი მოქმედებაა საჭირო“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.