რაც დამამახსოვრდა და არასდროს ჩემი თვალებიდან არ ამოდის, იყო ის, რომ ჩვენგან 2-3 მეტრში ეგდო ადამიანი, რომელსაც თავის ქალა გადახსნილი ჰქონდა და რუხი სითხე იფრქვეოდა. ეს იყო საშინელი სანახაობა, მტერსაც რომ არ უნდა უსურვო ამის ნახვა,- ამის შესახებ ჟურნალისტმა ბექა სივსივაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, როდესაც 2011 წლის 26 მაისის აქციის მოვლენები გაიხსენა.
ბექა სივსივაძის თქმით, 26 მაისის ღამეს ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილთან ერთად გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის ძალადობის მსხვერპლი“.
„გიორგი [მამაცაშვილი] სპეცრაზმელებს, ყველა მოსულ ჯგუფს უხსნიდა, რომ ვართ ჟურნალისტები, გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და თუ შესაძლებელია, თქვენს ხელმძღვანელობასთან გადაამოწმეთ ჩვენი ინფორმაციის სინამდვილეო. ამის მიუხედავად ცემა გრძელდებოდა.
რაც დამამახსოვრდა და არასდროს ჩემი თვალებიდან არ ამოდის, ჩვენგან 2-3 მეტრში ეგდო ადამიანი, რომელსაც თავის ქალა გადახსნილი ჰქონდა და რუხი სითხე იფრქვეოდა, ეს იყო საშინელი სანახაობა, მტერსაც რომ არ უნდა უსურვო ამის ნახვა. გიორგიმ სთხოვა ერთ-ერთ სპეცრაზმელს, ადამიანი კვდება და იქნებ ყურადღება მიაქციოთო, რასაც საპასუხოდ, ისევ ხელკეტებით ჩვენი ცემა მოჰყვა. ზუსტად არ მახსოვს რამდენი ჯგუფი იყო მოსული ჩვენ საცემად. ბოლოს, ალბათ, დაიღალნენ, როგორც იქნა მოვიდა მათი სავარაუდო ერთ-ერთი ხელმძღვანელი და იკითხა, ჟურნალისტები ხართო და დავუდასტურეთ, რომ დიახ, ჟურნალისტები ვიყავით. რა საბუთებიც გვქონდა მივეცით, წავიდა, წაიღო.
კიდევ ერთი ჯგუფი მოვიდა და იკითხა, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები აქ ვინ არიანო და ჩვენც გახარებულებმა შევძახეთ, ჩვენ ვართო. ვიფიქრეთ, რომ გვათავისუფლებდნენ, უარესი ჩაიდინეს, ისევ ხელკეტებით გაგვისწორდნენ. ჩვენთან მოვიდნენ, რამდენიმე სპეცრაზმელმა ხელმკლავი გაგვიკეთა, გვითხრეს, რომ თავისუფლების მოედნის ბოლოს ავტობუსები იდგა, რომლითაც გადაგვიყვანდნენ დიღმის სამმართველოში, სადაც გაარკვევდნენ ნამდვილად ჟურნალისტები ვიყავით, თუ არა. გაგვატარეს კორიდორში, სადაც ასევე იყო ცემა. ბოლოს გავედით თავისუფლების მოედნისკენ, სადაც მიკროავტობუსებში აჰყავდათ სხვა დაკავებულები. კოლონის ბოლოში იყო ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, რომელიც გიორგის ძალიან კარგად იცნობდა და მის დანახვაზე გიორგიმ სთხოვა ირაკლი თუ შეგიძლია დაუდასტურე, რომ ჩვენ ნამდვილად ჟურნალისტები ვართო და გაგვათავისუფლონო, რა დროსაც ირაკლიმ უთხრა, რომ კი ნამდვილად ჟურნალისტები არიან და ამის შემდგომ ხელებიც არ შეუხსნიათ თითო ჭიტლაყიც გვითავაზეს და გამოგვიშვეს“, - განაცხადა ბექა სივსივაძემ.