2008 წლის ომის დაწყება არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება - ბევრი კრიზისი იყო, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდით საბრძოლო მოქმედებების თავიდან აცილებას, რაც 2008 წელსაც, სრულიად დარწმუნებული ვარ, უნდა მომხდარიყო,- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა, სადაც განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი.
მისივე თქმით, მინისტრების მხრიდან ბევრი განცხადება კეთდებოდა, მათ შორის მკვეთრიც, თუმცა ფიქრობს, რომ 2008 წლის ომის წინაპირობა არცერთი ეს განცხადება არ ყოფილა.
„ერგნეთის ბაზრობის ხელახლა შექმნა ან მის ადგილზე რაღაც გაუმჯობესებული სქემების ამოქმედება - ორგანიზებულად ამის გაკეთება არ შეგვეძლო, მაგრამ ქალბატონ თეას ვეთანხმები, რომ [ერგნეთის ბაზრობის] ალტერნატიული ურთიერთობის მექანიზმები უნდა ჩამოყალიბებულიყო. მინისტრები სხვადასხვანაირი იყვნენ, ისეთებიც იყვნენ, რომლებიც მკვეთრ განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ ისეთებიც იყვნენ, რომლებიც მუშაობდნენ იმაზე, რომ ეს პროცესი ყოფილიყო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ გამოვიდა. 2008 წლის ომის წინაპირობა არცერთი ეს განცხადება, ჩემი აზრით, არ ყოფილა. 2008 წლის ომის დაწყება, თვითონ ომი არანაირ ლოგიკას ჩემთვის არ ექვემდებარება“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, წულუკიანმა გაიხსენა ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრობის დროს, იმ პერიოდის თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება, რომ „ახალ წელს ცხინვალში შეხვდებოდნენ“ და ყოფილ პრემიერს ჰკითხა, იყო თუ არა ეს განცხადება მასთან შეთანხმებული. ნოღაიდელმა თქვა, რომ კონსტიტუციურად თავდაცვის მინისტრი არა მას, არამედ პრეზიდენტს ემორჩილებოდა. მისი შეფასებით ოქრუაშვილის ეს განცხადება „უსარგებლო და არასაჭირო“ იყო.
„მოცემული მინისტრი კონსტიტუციურადაც არ უნდა დამმორჩილებოდა, იმიტომ, რომ მაშინ სხვანაირი სახელმწიფო მოწყობის სისტემა იყო. შესაბამისად, ჩემი, როგორც კაბინეტის ხელმძღვანელის უფლებამოსილება იყო ეკონომიკა და მასთან დაკავშირებული სოციალური საკითხები. თავდაცვა, უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა იყო პრეზიდენტის განსაკუთრებული უფლებამოსილება და შესაბამისად, თავდაცვის მინისტრის მარტო ეს კი არა, არცერთი განცხადება ჩემთან შეთანხმება არათუ არ იყო, არამედ არც უნდა ყოფილიყო.
ეს იყო ძალიან უსარგებლო, სრულიად არასაჭირო განცხადება, ყველამ კარგად ვიცოდით, რომ არანაირ ახალ წელს არ შეხვდებოდა ცხინვალში ირაკლი ოქრუაშვილი. კრიზისი რეალურად ამ საკითხების ირგვლივ მუდმივად იყო საქართველოში იმ პერიოდის განმავლობაში და ასეთი არასაჭირო განცხადება ერთი არ იყო, მრავალი იქნებოდა.
ამის გარდა სხვა ბევრად უფრო რთული და კრიზისული საკითხები იყო. ვიყავით კიდეც ერთხელ ბრძოლის ზღვარზე, რისი შეჩერებაც ძალისხმევის შედეგად ძლივს მოვახერხეთ - 2006 წელს ვგულისხმობ. მივყვები თქვენს პირველ კითხვას, ეს [განცხადებები] ხომ არ აღმოჩნდა 2008 წლის მოვლენების საფუძველი. სწორედ ამის ახსნა მინდოდა, რომ ასეთი კრიზისები, არასაჭირო, არა სასარგებლო, კონტრპროდუქტიული განცხადებები ერთი არ ყოფილა. ბევრი კრიზისი იყო, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდით საბრძოლო მოქმედებების თავიდან აცილებას, რაც 2008 წელსაც, სრულიად დარწმუნებული ვარ, უნდა მომხდარიყო“,- განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
გარდა ამისა, თეა წულუკიანმა ნოღაიდელს ჰკითხა, თუ ჰქონდა მაშინდელ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა, რაზეც ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ ხშირად ჩხუბობდნენ.
ასევე, ნოღაიდელის განცხადებაზე, რომ 2006 წელს შეიარაღებული კონფლიქტი თავიდან აცილება მოხერხდა, წულუკიანმა მას ჰკითხა, როგორ მოხერხდა ეს, ნოღაიდელმა უპასუხა:
„ჩხუბით, პრეზიდენტთან. ხელჩართულ ბრძოლაში კი არ გადავსულვართ, მაგრამ მისი დარწმუნებით მოხდა“, - აღნიშნა ნოღაიდელმა.