ადვოკატი - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას
"საერთოდ არაფერი მტკიცებულება არ არის, ზუსტად ეს არის სასაცილო ნაწილი. უბრალოდ IP მისამართი აქვთ ამოღებული და მეტი არაფერი და ის გავრცელებული, დამონტაჟებული ვიდეო ჩანაწერი. ოფიციალურად დასკვნა არის გაცემული საქმეში, რომ თავად მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნით არაფერი დასტურდება [ვიდეო ჩანაწერთან მიმართებით]. შესაბამისად, ის, რომ ყალბი და დამონტაჟებული იყო, საზოგადოებამ ისედაც იცოდა, უბრალოდ ეს თავადაც დაადგინეს და მეტი არაფერი. ფიზიკურად არ შემდგარა ასეთი ზარი და როგორ შეიძლება, რომ ამ ვიდეოს ავთენტურობაზე ვისაუბროთ. საქმეში ფიზიკურად ვერაფერი ჩადეს. დამატებულია მხოლოდ გარკვეული საპროცესო მოქმედებები, რომელიც მტკიცებულება არ არის.
ბაჩო ახალაიას ბრალში ედავებიან თვითონ იმ პირებთან საუბარს, რომელიც ვითომ ორგანიზატორებად დაიჭირეს. ანუ ასეთი ფიქრი აქვთ, თან ხომ ესაუბრა, ამასაც ვერ ადასტურებენ და რომ ესაუბრაო, თან მითითებები მისცაო. ბრალში სწორედ ასეა. საქმეში კი გადმოცემული არ არის, რა შინაარსზე შეიძლება საუბარი ყოფილიყო, თავი დავანებოთ იმას, რომ კავშირი არ დგინდება“, - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.